დამოუკიდებელ ჟურნალისტებსა და კრიტიკულ მედიაზე განხორციელებული წნეხი, დევნა და სამართლებრივი მანიპულაციები სწორედ იმ ავტორიტარული სისტემის ნაწილია, რომელიც ქვეყანაში თავისუფალი სიტყვის ჩახშობას და საზოგადოების დაშინებას ისახავს მიზნად, - ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” განცხადებაშია აღნიშნული.

ორგანიზაციის განცხადებით, ვახო სანაია ისჯება ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ რეჟიმის მხილების გამო. 

"დამოუკიდებელ ჟურნალისტებსა და კრიტიკულ მედიაზე განხორციელებული წნეხი, დევნა და სამართლებრივი მანიპულაციები სწორედ იმ ავტორიტარული სისტემის ნაწილია, რომელიც ქვეყანაში თავისუფალი სიტყვის ჩახშობას და საზოგადოების დაშინებას ისახავს მიზნად.

ვახო სანაია ისჯება ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ რეჟიმის მხილების, პრინციპული პოზიციისა და საქართველოს ევროპული მომავლისთვის ბრძოლის გამო.

მედიის თავისუფლება დემოკრატიის მთავარი საყრდენია. სოლიდარობა ვახო სანაიას და ყველა იმ ჟურნალისტს, რომელიც უპრეცედენტო ზეწოლის მიუხედავად, სიმართლის სამსახურში რჩება!“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ჟურნალისტ ვახო სანაიას ფეისბუკპოსტის გამო 30-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს.