ჩემი ფუნქცია არ არის ჩემი ხელისუფლებაში მოსვლა. ჩემი ფუნქციაა, ჩემთან ერთად მოვიყვანოთ სრულიად ახალი თაობა, სხვანაირად მოაზროვნე ადამიანები, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე განაცხადა.

"გამოვალ ამ ციხიდან, როგორც გამოვიდა ნელსონ მანდელა და პირდაპირ მოვიდა ხელისუფლებაში, როგორც ბრაზილიის დღევანდელი პრეზიდენტი გამოვიდა ციხიდან და გახდა პრეზიდენტი ისევ, როგორც მალაიზიის დღევანდელი პრემიერი პირდაპირ ციხიდან გახდა პრემიერი. თქვენ გააკეთებთ ამას, მოიტანთ „ვარდების რევოლუცია ორის“ როლს და ფუნქციას, ახალ ხელისუფლებას, მაგრამ ჩემი ფუნქცია არ არის ჩემი ხელისუფლებაში მოსვლა. ჩემი ფუნქციაა, ჩემთან ერთად მოვიყვანოთ სრულიად ახალი თაობა, სხვანაირად მოაზროვნე ადამიანები. ჩვენ მოვალთ ხელისუფლებაში არა საკუთარი თავისთვის, არამედ იმისთვის, რომ აღვადგინოთ საქართველოს დამოუკიდებელი კურსი, სწრაფი განვითარება, თვალში გამოვახედოთ თითოეულ ქართველს. ჩვენ მოვიტანთ სამართლიანობას – ეს ნიშნავს, რომ ჩვენი ახალი მმართველობა არ იქნება მუდმივი რეპორტაჟით სასამართლოსა და ციხის კარებზე, ისევე როგორც არ იქნება ნიუსი მორიგი ობიექტის დანგრევაზე, იქნება მხოლოდ აღმშენებლობა. იმ სიმახინჯესაც კი არ დავანგრევთ, რაც ივანიშვილმა და კალაძემ ჩადგეს თუნდაც ამ ქალაქში. არ ვივლით ერთსა და იმავე საშინელ წრეზე“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მისივე თქმით, საჭიროა მეტი ორგანიზებულობა და ინიციატივები.

„ონისე ოქრიაშვილი სცემეს. რამდენი ხალხი იყო, მათ შორის მისი ნაცნობი, რატომ არცერთმა გაანძრია ხელი? რატომ არ ამოიღეს ხმა? ჩვენ გვჭირდება მეტი ორგანიზებულობა, ინიციატივა და არა ის, რომ მუდმივად მსხვერპლის როლში ვიყოთ. უარს ვამბობთ მსხვერპლის როლში ყოფნაზე. კიდევ ახლა ვიღაც ქართველიშვილი თუ სომხიშვილი, ვიღაც მაიმახი მოვა თავის ჯოჯოებთან ერთად და ის გვცემს სადარბაზოებთან. ხელები და ფეხები რისთვის გაბიათ? ენა რისთვის გაქვთ, რომ შეეპასუხოთ სათანადოდ“, – განაცხადა სააკაშვილმა.