მე ყველას მოვუწოდებ, თუ აქვთ საშუალება და სურვილი რომ გამოიყენონ საპროცესო შეთანხმება, აუცილებლად უნდა ისარგებლონ ამით. ისინი ამ შეთანხმების შედეგად გარეთ იქნებიან და ჩვენ ამ ბრძოლაში გარეთ უფრო გვჭირდება ადამიანები ვიდრე ციხეში, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ანა წითლიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ყველა გზაა გამოსაყენებელი იმისთვის, რომ ციხეს თავი დააღწიონ.

“ნებისმიერი ადამიანის პირადი გადაწყვეტილებაა რას იზამს და რა შესაძლებლობას გამოიყენებს. ეს საპროცესო შეთანხმება არის ტაქტიკა, რომელიც აუცილებლად უნდა გამოიყენონ. მე ყველას მოვუწოდებ, თუ აქვთ საშუალება და სურვილი რომ გამოიყენონ საპროცესო შეთანხმება, აუცილებლად უნდა ისარგებლონ ამით. ისინი ამ შეთანხმების შედეგად გარეთ იქნებიან და ჩვენ ამ ბრძოლაში გარეთ უფრო გვჭირდება ადამიანები ვიდრე ციხეში. ამიტომაც ვერანაირად ვერ ვხედავ შესაძლებლობას, რომ ეს ისრები იმ მიმართულებით გადაისროლოთ რა მიმართულებითაც გადაისროლეთ.

ნებისმიერი რეჟიმის წინააღმდეგ განხორციელებული ტაქტიკური სვლა, იქნება ეს საპროცესო შეთანხმება თუ სხვა რამ, იმისათვის რომ ამ ადამიანებმა, რომლებიც უსამართლოდ ტყვედ ჰყავს რეჟიმს აყვანილი, ციხეს თავი დააღწიონ და იყვნენ გარეთ, იბრძოლონ, არის გამოსაყენებელი და მისასალმებელი“, - განაცხადა ანა წითლიძემ. 

პროკურატურის განცხადებით, მურთაზ ზოდელავამ და ლაშა ბერიძემ აღიარეს ჩადენილი დანაშაული, მოინანიეს და საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე მიმართეს.