"კოალიცია ცვლილებისთვის" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე ე.წ. საბოტაჟის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული 30 000-ლარიანი გირაოს გადახდას აპირებს.

"წინასაახალწლო მილოცვების ტრადიცია არსებობს და მეც დამიწერია ასეთი ტექსტები, თუმცა ამჯერად მხოლოდ მილოცვის ტექსტი არ გამოვა

რაღაც სხვაც მაქვს სათქმელი

1 კვირაა ჩემს გარშემო მთავარი თემაა გადავიხდი თუ არა გირაოს. და 1 კვირაა ყველას ვპასუხობ, რომ ბოლოსკენ გადავწყვეტ. მივხვდი, რომ არასწორია ეს პასუხი. არ შეიძლება ამ სასპენსში ადამიანების დატოვება.

პირველ რიგში მადლობა ყველას ვინც მომწერეთ, ვინც მნახეთ, ვინც რუსთაველზე დამელაპარაკეთ, ყველას, ვინც რჩევა მომეცით. ზვიად ცეცხლაძეს განსაკუთრებით. ციხიდან რომ ჩემთვის იცლი და მეხმიანები, არც კი ვიცი მადლობა როგორ შეიძლება გადაგიხადო. 

მე ყოველთვის ვამბობდი, რომ გირაოს თემა ჩემთვის არის პირადი საკითხი და ვერაფერი მაიძულებდა ეს თემა განმეხილა პოლიტიკური მიზანშეწონილობის კუთხით. როცა რეჟიმი გაიძულებს გააკეთო რაღაც მხოლოდ იმ მიზნით რომ გაგტეხოს და არ დამორჩილების შემთხვევაში გემუქრება ციხით, ეს ჩემთვის სცდება პოლიტიკურად სწორია/ არასწორიას ფარგლებს და ხდება პირადი ამბავი. ეს არც რეჟიმთან თანამშრომლობა / არ თანამშრომლობის საკითხია. ჩემთვის მთავარია არ მივიღო ისეთი გადაწყვეტილება რომელიც ღამე აღარ დამაძინებს და გამხდის დისფუნქციურს. ყველაფერი დანარჩენი მეორეხარისხოვანია.

მე გადავიხდი ამ გირაოს. ოღონდ არა იმ არგუმენტების გამო, რომლებიც მესმოდა ეს დღეები. და მინდა ავხსნა ჩემი მოტივაცია.

ერთი - მე მგონია, რომ ჩემი ხელახლა გამოკეტვის ალბათობა არის ძალიან მაღალი, ოღონდ არ მჯერა, რომ ეს ამბავი დამოკიდებულია იმაზე გადავიხდი თუ არა გირაოს. მე არ გავჩერდები. მე არსად წავალ ამ ქვეყნიდან. და ჩემი გამოკეტვის მიზეზი იქნება ეს. ამჟამად მირჩევნია დამიჭირონ რაღაც უფრო მნიშვნელოვანის კეთების გამო ვიდრე გირაოს არ გადახდაა.

მეორე - ჩემი სიჯიუტე ამ წლების განმავლობაში იქცა ერთი მხრივ ჩემს სისუსტედ, ხოლო მეორე მხრივ იარაღად რეჟიმის ხელში. ეს სიჯიუტე ხშირად მაქცევს ზედმეტად პროგნოზირებადად, რითაც რეჟიმი სარგებლობს. ამას ვერ ვიაზრებდი, მაგრამ მეგობარმა მიმახვედრა. ამას საბოლოოდ ვერ ვუშველი, მაგრამ როცა შემეძლება, ვეცდები არ გამოვაყენებინო ჩემი ეს თვისება ჩემსავე წინააღმდეგ.

და მესამე, და მთავარი ფაქტორი ჩემთვის - ამ ჩემს გადაწყვეტილებაზე არ არის დამოკიდებული მხოლოდ ჩემი უახლოესი მომავალი. ჩემთვის ახლობელი ადამიანების, მათი ოჯახების, შვილების ბედიც დამოკიდებულია იმაზე რას გადავწყვეტ. მე არ მინდა ჩემი გადაწყვეტილებით არავის შევუზღუდო მოქმედების არეალი. მით უმეტეს ადამიანებს რომლებსაც ვიცნობ, რომლებთანაც ახლოს ვარ და რომელთა ოჯახებს, შვილებს ვიცნობ. არ მინდა ეს პასუხისმგებლობა. არ დამაძინებს ეს ღამე.

ამიტომ გადავიხდი ამ გირაოს. და ამას ვამბობ ახლა, რომ ამ თემაზე ნერვიულობა არავის გადაჰყვეს ახალ წელს, არც ჩემს ოჯახში და არც იმ ადამიანების ოჯახებში რომლებიც ჩემთან ერთად არიან საერთო ბრძოლაში.

ყველას გილოცავთ დამდეგ ახალ წელს! არ ვიცი როგორი იქნება, მაგრამ სულ გახსოვდეთ რომ ჩვენ ვართ უმრავლესობა, სულ გახსოვდეთ რომ ეშინიათ, სულ გახსოვდეთ რომ ეს ჯოჯოხეთი ჩვენი არაა და ჩვენი მორალი ავთანდილის ანდერძშია, სულ გახსოვდეთ, რომ მხოლოდ ჩვენი გადასაწყვეტია დავმარცხდებით თუ არა და სულ გახსოვდეთ რომ სირთულეებისა და მსხვერპლის მიუხედავად ჩვენი გამარჯვება გარდაუვალია", - წერს ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში.