"სოციალური სამართლიანობის ცენტრის” (SJC) ინფორმაციით, ჭიათურის კრიზისთან დაკავშირებით გარემოს დამცველთა საკითხზე გაეროს სპეციალურ მომხსენებელს მიმართა.

ორგანიზაციის ცნობით, საჩივარი აქტივისტის – გიორგი ნეფარიძის, სახელით გაიგზავნა, რომელიც ამჟამად სისხლის სამართლის წესითაა დაკავებული.

SJC-ს ცნობით, მიმართვა "ჯორჯიან მანგანეზის” მიერ ჭიათურის მუნიციპალიტეტში მანგანუმის მოპოვებას ეხება, "რომელმაც გარემოსა და ადგილობრივებისათვის მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია”.

"კომპანიის მიერ მოსახლეობის უფლებების უხეში დარღვევებისა და სახელმწიფოს მიერ ჭიათურის წინაშე არსებული გამოწვევების სრული უგულებელყოფის პირობებში, აქტივისტები სისტემური ჩაგვრის წინააღმდეგ იბრძვიან. ამისთვის ისინი ისჯებიან და დევნისა და შევიწროების მსხვერპლები ხდებიან“, – წერს SJC.

"სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ აცხადებს, რომ იმ უმძიმესი გამოწვევების მიუხედავად, რის წინაშეც ჭიათურელები დგანან, სახელმწიფო არ იღებს ღონისძიებებს მათი მხარდაჭერისთვის.

"პირიქით, იგი მშრომელებს კომპანიის წინაშე მარტოდმარტო ტოვებს. ეს გასაკვირი არცაა იქიდან გამომდინარე, რომ "ჯორჯიან მანგანეზის” წარმომადგენლები თუ კომპანიასთან დაკავშირებული პირები „ქართული ოცნების” მხარდამჭერები და მსხვილი შემომწირველები არიან და სახელმწიფოსგან თვითონაც არაერთ ბენეფიტს იღებენ.

ამ და სხვა არაერთი სისტემური გამოწვევიდან გამომდინარე, გიორგი ნეფარიძის სახელით, სოციალური სამართლიანობის ცენტრი გარემოს დამცველების მიერ შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების დაუბრკოლებლად განხორციელებას, გიორგი ნეფარიძის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტასა და გარემოს დამცველების საქმიანობისათვის ქვეყანაში უსაფრთხო გარემოს შექმნას ითხოვს”, – აღნიშნულია განცხადებაში.

ორგანიზაციის ცნობით, გარემოს დამცველთა საკითხებზე სპეციალური მომხსენებლის მექანიზმი ორჰუსის კონვენციის ფარგლებშია შექმნილი და მის ფუნქციას გარემოს დამცველთა და აქტივისტთა უფლებრივი მდგომარეობის დაცვა, თემატური საჩივრების სწრაფი და ეფექტიანი განხილვა, მყისიერი დაცვითი ღონისძიებების მიღება, და მთავრობებისა და ადამიანის უფლებათა რელევანტური ორგანოების წინაშე პრობლემური საკითხის დაყენება წარმოადგენს.