რუსთავში 50 წლის მამაკაცის მკვლელობისთვის დაკავებული არასრულწლოვანი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.

პროკურატურამ განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულ არასრულწლოვანს, ახლად გამოვლენილი მტკიცებულებების საფუძველზე დღეს ბრალდება შეუმსუბუქა და  ბრალდებულისთვის შეფარდებული პატიმრობის უფრო მსუბუქი აღკვეთის ღონისძიებით შეცვლის თაობაზე სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა.

საქმე ეხება 2026 წლის 5 ივნისს, ქალაქ რუსთავში, ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში ჩადენილ მკვლელობას, რა დროსაც არასრულწლოვანმა ბრალდებულმა მოკლა უცხო ქვეყნის მოქალაქე.

"სამართალდამცველებმა არასრულწლოვანი იმავე დღეს დააკავეს და მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლი (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების 10-დან 15 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს.

სასამართლოში საქმის არსებითად განხილვის ეტაპზე მიღებული ექსპერტიზის დასკვნებისა და სხვა მტკიცებულებების საფუძველზე, ბრალდების მხარემ არასრულწლოვანს წარდგენილი ბრალდება შეუმსუბუქა და ბრალი წარუდგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 113-ე მუხლით (მკვლელობა ჩადენილი აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებით), რაც სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების ერთიდან სამ წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს", - აცხადებენ პროკურატურაში.

გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცმა მოზარდს ანაზღაურების სანაცვლოდ მშენებლობაზე დახმარება შესთავაზა, ამის შემდეგ კი სადილზე დაპატიჟა, ბინაში ჩაკეტა და მასზე სექსუალური ძალადობა სცადა.