შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოსა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე, ბრალდებულების პირადი ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერება - 560 აბი "პრეგაბალინი".

გამოძიება  სისხლის სამართლის კოდექსის 261-ე და 263-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 8-დან 12 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს.