მისი პოზიცია უცვლელია პირველი დღიდან, ის უდანაშაულოდ თვლის თავს, - ამის შესახებ თავდაცვის ყოფილი მინისტრის ჯუანშერ ბურჭულაძის ადვოკატმა დიმიტრი ხაჩიძემ განაცხადა. 

მისივე თქმით, დაცვის მხარე დაასაბუთებს, რომ ჯუანშერ ბურჭულაძეს შემოსავლები ლეგალური ჰქონდა.

"არ ვიცი, ბრალდების მხარეს მოწმე ჰყავს თუ არა, ეს ჯერჯერობით ჩემთვის უცნობია. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. ჯუანშერ ბურჭულაძე სხდომას დაესწრება, ის მონაწილეობას მიიღებს პროცესში. მტკიცებულებები საქმეში დევს მისი შემოსავლების შესახებ. ეს არის ყველაფერი ლეგალური დოკუმენტი, საბანკო ამონაწერები, რეესტრის მონაცემები უძრავი ქონების შესახებ, ნასყიდობის დოკუმენტები და ა.შ. ეს ყველაფერი საქმეში დევს. ამის გამოკვლევას დრო სჭირდება. მეეჭვება, დღეს მოხდეს ამის გამოკვლევა, მაგრამ პროცესის მიმდინარეობის დროს ეს ყველაფერი გამოკვლეული იქნება და დავასაბუთებთ, რომ ყველაფერი რაც აქვს, ლეგალური შემოსავლებია.  მისი პოზიცია უცვლელია პირველი დღიდან, ის უდანაშაულოდ თვლის თავს", - განაცხადა დიმიტრი ხაჩიძემ.

თბილისის საქალაქო სასამართლოში თავდაცვის ყოფილი მინისტრის ჯუანშერ ბურჭულაძის პროცესი მიმდინარეობს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ჯუანშერ ბურჭულაძე 11 სექტემბერს დააკავა. პროკურატურამ ბურჭულაძეს ბრალდება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე წარუდგინა. ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.