მას ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა-ტარება ედება ბრალად. რაც შეეხება კითხვას, ჰქონდა თუ არა ტარების უფლება, გეტყვით, რომ ჰქონდა უფლება, - ამის შესახებ დაკავებული ოლიმპიური ჩემპიონის ზურაბ ზვიადაურის ადვოკატმა დავით მოდებაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ზურაბ ზვიადაური დაკავებას პოლიტიკურ ნიშანს არ უკავშირებს.

"მას ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა-ტარება ედება ბრალად. რაც შეეხება კითხვას, ჰქონდა თუ არა ტარების უფლება, გეტყვით, რომ ჰქონდა უფლება. ბრალდებულის სტატუსის მქონეა, მაგრამ აღკვეთის ღონისძიება, რაც ჰქონდა შეფარდებული, იმაზე იარაღის აკრძალვა არ ჰქონდა. 

ზუსტად არ ვიცი, სად დააკავეს, მაგრამ საპატრულო პოლიციამ გააჩერა გადამოწმების მიზნით.

არანაირი პოლიტიკური, პოლიტიკას არ უკავშირებს. გააჩერეს, იარაღი ამოიღეს და ექსპერტიზაზე გაიგზავნა",- განაცხადა დავით მოდებაძემ.

პროკურატურამ ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა და ტარების ფაქტებზე ოლიმპიურ ჩემპიონს, ზურაბ ზვიადაურს ბრალდება 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილით წარუდგინა. მუხლი 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.