ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე ელისო კილაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

სასამართლო დღეს განიხილავდა ოთარ ფარცხალაძის, დავით და გიორგი მიქაძეების, ირაკლი სეხნიაშვილის, მიხეილ ჩოხელის, გივი ჯიბლაძის, ბენ ანორის, თორნიკე ჯანელიძისა და გიორგი კამლაძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების საკითხს, რომელთაგან ნაწილი ქვეყანაში არ იმყოფება და შესაბამისად, მათ პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდათ.

ელისო კილაძემ დღევანდელ პროცესზე განაცხადა, რომ არანაირ საპროცესო გარიგებაზე წასვლას და ბრალის აღიარებას არ აპირებს.

ოთარ ფარცხალაძეს, გიორგი მიქაძეს, დავით მიქაძეს, ირაკლი სეხნიაშვილს, მიხეილ ჩოხელს, ელისო კილაძეს, გივი ჯიბლაძეს, ბენ ანორს, თორნიკე ჯანელიძესა და გიორგი კამლაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე და 194-ე მუხლებით აქვთ წარდგენილი, რაც ორგანიზებული ჯგუფის მიერ თაღლითობასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას (ფულის გათეთრებას) გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების 9-დან 12 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს.