ექსპერტმა დაადასტურა, რომ მათ ღობის სექციები არც კი აუწევიათ, რომ ენახათ მიწაზე დაცემის ქვედა მხარეს ხომ არ იყო რამე ჭრის, ან მექანიკური დაზიანების კვალი, - ამის შესახებ ადვოკატმა ირაკლი აბესაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ექსპერტმა ვერ დაასაბუთა, როგორ გამორიცხა ჭრის ყველა კვალი, მაშინ, როცა ლითონის ჭრის ბევრნაირი მეთოდი არსებობს და ისინი სხვადასხვანაირ კვალს ტოვებენ.

"ექსპერტმა დაადასტურა, რომ მათ ღობის სექციები არც კი აუწევიათ, რომ ენახათ მიწაზე დაცემის ქვედა მხარეს ხომ არ იყო რამე ჭრის, ან მექანიკური დაზიანების კვალი. ექსპერტმა ფაქტობრივად დაგვიდასტურა, რომ მას არ შეუსწავლია და არც აქვს იმის ცოდნა, შეესწავლა, ხომ არ იყო შედუღების დეფექტი, ექსპერტმა ვერ გამორიცხა, ხომ არ იყო ხელოვნურად შექმნილი ტეხვის კვალი. ექსპერტმა დაადასტურა, რომ მას არ აქვს ინფორმაცია შემთხვევის ადგილზე, მის მისვლამდე ხომ არ ჰქონდა რამე მანიპულაციებს ადგილი ღობის სექციაზე. ექსპერტმა ვერ დაასაბუთა, როგორ გამორიცხა ჭრის ყველა კვალი, მაშინ, როცა ლითონის ჭრის ბევრნაირი მეთოდი არსებობს და ისინი სხვადასხვანაირ კვალს ტოვებენ. ექსპერტმა პროკურატურას დაუდასტურა, თითქოს, ღობე შედუღებით და სხვა ტიპის სამაგრითაც იყო დამაგრებული, მაგრამ შემდგომ ექსპერტიზის დასკვნაში ვერ მიუთითა, რა სამაგრზე იყო საუბარი, ის გატყდა, თუ გაჭრილი იყო და ვერ იპოვა მის მიერ გადაღებულ ფოტოსურათებშიც აღნიშნული სამაგრი.

მთლიანობაში, მარტივად რომ ვთქვათ, ექსპერტი მივიდა, დახედა და თქვა, უჰ, ეს გატეხილი უნდა იყოს და არა გაჭრილიო, არ ვუტრირებ, ეს არის საექსპერტო დასკვნა, რომელზე დაყრდნობითაც 64 ადამიანი უნდათ ციხეში გაუშვან. ბოლო წინადადებაში მე არ მიხუმრია, ექსპერტიზის ჩატარების მეთოდოლოგია იყო ასეთი - იურისტი ადგილზე მივიდა, ღობის სექციებს დახედა, ისე, რომ მათთვის ხელიც არ მოუკიდია და თქვა, უჰ, ეს ნამდვილად გატეხილია, ჭრის კვალი არ არისო. მისი დასკვნა, რომ ღობე არის გატეხილი და არა გაჭრილი, ფაქტობრივად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყალბია“, - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძეს, პაატა მანჯგალაძეს, პაატა ბურჭულაძეს, ირაკლი ბერიძისა და კიდევ 5 პირს ბრალი ორი მუხლით აქვთ წარდგენილი - ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა და სტრატეგიული ან/და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად.