გაგრიდან დევნილი 71 წლის აზა ჩილაჩავა, რომელსაც შსს საპროტესტო აქციაზე სახის დაფარვას ედავებოდა, მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და სიტყვიერი გაფრთხილება მისცა.

პროცესს აზა ჩილაჩავა არ ესწრებოდა. 

მანამდე კი მან განაცხადა, რომ რუსთაველზე სიარულს არ შეწყვეტს.

"მე დავდგები რუსთაველზე, არ შევწყვეტ სიარულს. ჩემი პროტესტი მე გამაჩნია, რადგან მე რუსებს არ მივიჩნევ მოყვარედ, მე რუსებს მივიჩნევ მტრად, მე ბევრი რამ ვნახე გაგრის აღების პერიოდში, ჩემი თვალით მაქვს ნანახი, როგორ ეყარნენ ჩვენი ჯარისკაცები, მოსახლეობა, როგორ წვავდნენ მოსახლეობას შიგნით - ეს ყველაფერი გამოვლილი მაქვს და ყოველთვის ვიტყვი, რომ რუსეთი მტერია. 

ვერ გავჩერდები, სახლში არ დავრჩები, ამ საღამოსაც გავალ, მე ესენი ვერ შემაშინებენ", -  განაცხადა აზა ჩილაჩავამ.

აზა ჩილაჩავას 19 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე სახის დაფარვას ედავებოდნენ.