სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილ ხელმძღვანელს გრიგოლ ლილუაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

გადაწყვეტილება მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა მიიღო.

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე მსჯელობა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა. პროცესს თავად ბრალდებული გრიგოლ ლილუაშვილი არ ესწრებოდა.

ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ სუსის ყოფილი ხელმძღვანელი გრიგოლ ლილუაშვილი გუშინ დააკავა. პროკურატურის ინფორმაციით, გრიგოლ ლილუაშვილს ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას გულისხმობს და სასჯელის სახით თავისუფლების 11-დან 15 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს.