მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ირაკლი ოქრუაშვილს აღკვეთის ღონისძიება პატიმრობით შეუცვალა. ოქრუაშვილი სასამართლო დარბაზში დააკავეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოში თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის წინასასამართლო პროცესი გაიმართა, სადაც პროკურატურამ თავდაცვის ყოფილი მინისტრის მიმართ, გირაოს გადაუხდელობის გამო პატიმრობის გამოყენება მოითხოვა.

ირაკლი ოქრუაშვილს კომისიაზე გამოუცხადებლობისთვის, 8 აპრილს, აღკვეთის ღონისძიების სახით 20 000-ლარიანი გირაო შეეფარდა და საზღვრის კვეთა აეკრძალა. გირაოს გადახდის ვადად მას 30 დღე განესაზღვრა, რომლის ვადაც 8 მაისს ამოიწურა.

ირაკლი ოქრუაშვილს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წარედგინა, რაც „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას“ გულისხმობს. ეს ქმედება ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების, ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.