შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის გურჯაანის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, 1964 წელს დაბადებული გ.გ. ადევნების და მუქარის ბრალდებით დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მამაკაცი დაზარალებულ ქალს სისტემატურად, უკანონოდ უთვალთვალებდა და მასთან არასასურველ კომუნიკაციას ამყარებდა. გამოძიებით, ასევე, დადგინდა, რომ ბრალდებული დაზარალებულს და მის დედას სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.

სამართალდამცველებმა კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გ.გ. ბრალდებულის სახით დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე პრიმა და 151-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 2 წლამდე ვადით აღკვეთას  ითვალისწინებს.