თბილისის საქალაქო სასამართლომ ლევან ჯობავას და შალვა ჩუბინიძეს 14-დღიანი პატიმრობა შეუფარდა.

ექვსდღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა ჟურნალისტ ვახო სანაიას, რომელსაც შსს 18 ოქტომბერს, რუსთაველის გამზირზე გზის ხელოვნურად გადაკეტვას ედავება.

თბილისის საქალაქო სასამართლოში ასევე გაიმართა 18 ოქტომბრის საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით დაკავებული სხვა პირების პროცესებიც.

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ 18 ოქტომბერს გზის გადაკეტვისთვის ან სახის დაფარვისთვის ციხეში 5 ადამიანი: ლარა ნაჭყებია, ნინო სვანიძე, საბა ხომერიკი, ლევან მარგიანი და გიორგი ყიასაშვილი გაუშვა.

სასამართლო დარბაზიდან კი გაათავისუფლეს: თორნიკე თხილავა, ლაშა ჩხარტიშვილი, გელა გამყრელიძე და მანუჩარ მაჭავარიანი.

შსს-ში განაცხადეს, რომ აქციის მონაწილეებმა დაარღვიეს „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 პრიმა მუხლის მოთხოვნები, რომლის თანახმადაც, დაუშვებელია ტრანსპორტის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვა, თუ ამას არ მოითხოვს შეკრების მონაწილეთა რაოდენობა. შსს-ს განცხადებით, აგრეთვე, დემონსტრანტების ნაწილს ჰქონდა შენიღბული სახე, რაც კანონდარღვევას წარმოადგენს.

მისივე ცნობით, მოხდა 27 სამართალდამრღვევი პირის იდენტიფიცირება, რომელთაგან ნაწილი უკვე დაკავებულია, ნაწილის მიმართ მიმდინარეობს ადმინისტრაციული საქმის წარმოება და მომდევნო დღეებში მოხდება მათი საქმეების სასამართლოში ადმინისტრაციული წესით განხილვა.