ზუგდიდში დაბადებული რუსი ბიზნესმენი მიხეილ ხუბუტია დაკავებულია. რუსული მედიის ინფორმაციით, მეგობარი ქალის ცივი იარაღით დაჭრაში ეჭვმიტანილი ხუბუტია საგამოძიებო უწყებაში თავად გამოცხადდა და დანაშაული ნაწილობრივ აღიარა.

მოსკოვის ოლქის საგამოძიებო კომიტეტის მთავარი საგამოძიებო სამმართველოს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2025 წლის 24 აპრილს ხუბუტიამ ნაჯახის ყუით დარტყმები მიაყენა იულია ვანს, რამაც მაჯის დახურული მოტეხილობა, ასევე კიდურების ჭრილობები და დაჟეჟილობები გამოიწვია.

საგამოძიებო კომიტეტი ბიზნესმენისა და ყოფილი თანამდებობის პირისთვის აღკვეთის ღონისძიების შერჩევისთვის სასამართლოსთვის მიმართვას გეგმავს.

ხუბუტია და იულია ვანი ურთიერთობაში იყვნენ 2024 წლის დეკემბრამდე და წყვილს შვილიც შეეძინა. ქალის ნათესავების თქმით, მას შემდეგ, რაც იულია ვანმა დაშორება გადაწყვიტა, ხუბუტიამ მის მიმართ მუქარები დაიწყო და დაჰპირდა, რომ ბავშვს და ქონებას წაართმევდა, თავად ქალს კი  ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გამოკეტავდა. ხუბუტიამ ყოფილ შეყვარებულს დაზიანებები მაშინ მიაყენა, როდესაც მათ მცირეწლოვან შვილს მეზობელ ოთახში ეძინა.

ხუბუტიას წინააღმდეგ საქმე აღძრულია ქალის მკვლელობის მცდელობის, ფიზიკური ზიანის მიყენებისა და მკვლელობის მუქარის მუხლებით.