დაჟინებით მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, შეწყვიტოს თავდასხმა ჩვენს ელჩზე, მისი მუშაობისა და ევროკავშირის პოზიციების ახსნის გამო, - ამის შესახებ საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის მთავარმა პრესსპიკერმა ანიტა ჰიპერმა "ფორმულასთან" განაცხადა.

"ევროკავშირის ელჩს საქართველოში ჩვენი სრული ნდობა და მხარდაჭერა აქვს. მისი განცხადებები ზუსტად ასახავს ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობების ამჟამინდელ მდგომარეობას. მმართველი პარტია, "ქართული ოცნება", აგრძელებს აშკარა დეზინფორმაციის გავრცელებას და მტრულ თავდასხმებს ევროკავშირის ელჩებსა და ევროკავშირის ღირებულებებზე.

2022 წელს, ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადის შეტანით და გაწევრიანების გზის დაწყებით, საქართველო დათანხმდა იყოს ყველა რეფორმისა და პოლიტიკური მოვლენის საგულდაგულო შესწავლის ნაწილი. სწორედ ასე მუშაობს ევროკავშირი გაფართოების მონაწილე ყველა ქვეყანასთან.

ჩვენი გზავნილი საქართველოს ხელისუფლების მიმართ ნათელი და თანმიმდევრული იყო: მიმდინარე რეპრესიები უნდა შეწყდეს. ეს მოიცავს მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ძალადობის შეჩერებას, დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემას და რეპრესიული კანონმდებლობის გაუქმებას.

ამრიგად, საქართველოს ხელისუფლებამ იცის, რა უნდა გააკეთოს კურსის შესაცვლელად, ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე დასაბრუნებლად, რისკენაც ისწრაფვის ქართველი ხალხი. და მიმდინარე კრიზისის მოსაგვარებლად, ოპოზიციასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან ინკლუზიური დიალოგის დასაწყებად. ჩვენ ასევე დაჟინებით მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, შეწყვიტოს თავდასხმა ჩვენს ელჩზე, მისი მუშაობისა და ევროკავშირის პოზიციების ახსნის გამო", - განაცხადა ჰიპერმა.