საქართველოს მედიატორთა პროფესიული კავშირი 21 წლის მათე დევიძის განაჩენთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

"2025 წლის 12 ივნისს, სასამართლოს გადაწყვეტილებით 21 წლის მათე დევიძეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლისა და 6 თვის ვადით. მათე დევიძეს პროკურატურა სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს პოლიციელზე თავდასხმას, ედავება. აღსანიშნავია, რომ მათე დევიძე დაკავების მომენტში 20 წლის იყო და 21 წელი პატიმრობისას შეუსრულდა.

საქართველოს მედიატორთა პროფესიული კავშირის შეფასებით, 21 წლის ახალგაზრდისადმი მკაცრი სასჯელის გამოყენება ეწინააღმდეგება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით (შემდგომში - ამკ) გათვალისწინებულ არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესების პრიორიტეტულობის (მუხლი 4), ყველაზე მსუბუქი საშუალებისა და ალტერნატიული ზომის პრიორიტეტულობის (მუხლი, პატიმრობის, როგორც უკიდურეს ღონისძიებად გამოყენების (მუხლი 9) პრინციპებს, არღვევს მართლმსაჯულებისადმი თანაბარი წვდომის სტანდარტს და ნათლად წარმოაჩენს სახელმწიფოს მხრიდან გარკვეული ტიპის საქმეებზე დაინტერესების მავნე პრაქტიკას.

ამკ ეფუძნება აღდგენითი მართლმსაჯულების პრინციპებს - სამართლებრივ და სოციალურ მიდგომას, რომელიც ცდილობს დანაშაულის ან კონფლიქტის შედეგად დარღვეული ურთიერთობებისა და ზიანის აღდგენას. მისი მიზანია მართლმსაჯულების პროცესში არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების დაცვა, კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და მართლწესრიგის დაცვა.

ამკ განამტკიცებს ყველაზე მსუბუქი საშუალებისა და ალტერნატიული ზომის პრიორიტეტულად გამოყენების პრინციპს. ეს გულისხმობს, რომ არასრულწლოვნის მიმართ, პირველ რიგში, განიხილება განრიდების ან აღდგენითი მართლმსაჯულების ღონისძიების გამოყენების შესაძლებლობა და ფასდება, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებასა და სასჯელის გამოყენებაზე უკეთ უზრუნველყოფს თუ არა განრიდება ან ღონისძიება არასრულწლოვნის რესოციალიზაცია-რეაბილიტაციას და ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას.

ამასთანავე, არასრულწლოვნის (ამ კოდექსის მიზნებისთვის არასრულწლოვნად მიიჩნევა, ასევე, 18-დან 21 წლამდე ახალგაზრდა) დაკავება, დაპატიმრება და მისთვის თავისუფლების აღკვეთა დასაშვებია მხოლოდ როგორც უკიდურესი ღონისძიება, რომელიც შეძლებისდაგვარად მოკლე ვადით და რეგულარული გადასინჯვის პირობით უნდა იქნეს გამოყენებული.

გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ განრიდების ან აღდგენითი მართლმსაჯულების ღონისძიების პრიორიტეტულად გამოყენების ვალდებულება აქვს პროკურორს, ასევე, სასამართლოს.

მოქმედი ამკ ავალდებულებს სისტემას, განიხილოს განრიდებისა და მედიაციის პროგრამის გამოყენების შესაძლებლობა როგორც პრიორიტეტული მექანიზმი. ამდენად, 20 წლის ახალგაზრდისადმი გამოყენებული სასჯელის უკიდურესი ზომა, განრიდების ან აღდგენითი მართლმსაჯულების ღონისძიების პრიორიტეტულად გამოყენების განხილვის გარეშე, ეწინააღმდეგება თავად ამ კოდექსის სულისკვეთებასა და აღდგენით მიდგომას.
განრიდება-მედიაცია არა მხოლოდ კონფლიქტის მოგვარების ალტერნატიული გზა, არამედ შანსია ახალგაზრდისთვის, დაზარალებულისა და საზოგადოებისთვის. განრიდება-მედიაციის პროგრამა არის შესაძლებლობა, რომელიც მხედველობაში იღებს ახალგაზრდის განვითარების პერსპექტივას, მის პიროვნულ მახასიათებლებს, ხაზს უსვამს საზოგადოებაში მისი დაბრუნების აუცილებლობას და ყურადღების მიღმა არ ტოვებს დაზარალებულისა და, ზოგადად, საზოგადოების საჭიროებებს.

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ევროპული მომავლის მხარდამჭერ აქციებში მონაწილეობისთვის დაკავებულთა შორის, ასევე, არიან სხვა 21 წლამდე ახალგაზრდები.

საქართველოს მედიატორთა პროფესიული კავშირი მიიჩნევს, რომ აუცილებელია პროკურატურისა და სასამართლოს მხრიდან აღდგენითი მართლმსაჯულების მექანიზმების თანმიმდევრული და კეთილსინდისიერი გამოყენება.

მოვუწოდებთ სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემის თითოეულ რგოლს - იმოქმედოს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით გათვალისწინებული პრინციპების დაცვით, ადამიანის ღირსებისა და განვითარებაზე ორიენტირებული მიდგომით, რომელთა მიზანი მხოლოდ დანაშაულზე რეაგირება კი არ არის, არამედ საზოგადოებაში სამართლიანობისა და პასუხისმგებლობის გააზრებაა", - აღნიშნულია განცხადებაში.