"ბათუმელების" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებლის მზია ამაღლობელის საქმეზე გადაწყვეტილება 4 აგვისტოს გამოცხადდება.

დღევანდელ 9-საათიან სასამართლო პროცესზე მზია ამაღლობელმა განაცხადა, რომ საკუთარი საბოლოო სიტყვით 4 აგვისტოს ისარგებლებს.

ბათუმის საქალაქო სასამართლოში "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებლის მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესს დღეს ესწრებოდნენ ევროკავშირის ოფისის წარმომადგენლები, საფრანგეთის, შვედეთის, გერმანიის, ჩეხეთის, ნიდერლანდების, პოლონეთისა და ლიეტუვას საელჩოს წარმომადგენლები, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ასევე აქციებზე დაკავებული პირების მშობლები, სასამართლოსთან კი მთელი დღის განმავლობაში მზია ამაღლობელის მხარდამჭერები იყვნენ შეკრებული.

მზია ამაღლობელი ბათუმში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე 11-12 იანვრის ღამეს ჯერ ადმინისტრაციული წესით დააკავეს და მალევე გაათავისუფლეს, რამდენიმე წუთში კი უკვე სისხლის სამართლის წესით დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით წარუდგინეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს და ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.