შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის ბრალდებით უკრაინის მოქალაქე დააკავეს.

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში შემოტანის ბრალდებით დაკავებულია 1992 წელს დაბადებული ჰ.დ.

შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ბრალდებულის ხელბარგის შემოწმებისას, ბავშვის ხელოვნური საკვების თუნუქის ქილებში მალულად მოთავსებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება და ფსიქოტროპული ნივთიერება ამოიღეს, მათ შორის: 760 გრამზე მეტი „მდმა“, 762 გრამი „კლეფედრონი“ და ნახევარ კილოგრამზე მეტი ფსიქოტროპული ნივთიერება „კეტამინი“.

გამოძიება  სისხლის სამართლის კოდექსის  260-ე, 261-ე,  262-ე და 263-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 20 წლამდე ან უვადო აღკვეთას ითვალისწინებს.