"ბათუმელების" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებელმა მზია ამაღლობელმა სასამართლო პროცესზე დასკვნითი სიტყვა ნინო დათაშვილზე საუბრით დაიწყო.  

"მიხარია, რომ ისევ ვხედავ ოჯახს, მეგობრებს, გულშემატკივრებს, მაგრამ უხერხულობის განცდა მაქვს, რომ ისევ მოგიწიათ აქ მოსვლა. ერთხელ მახსოვს ვთქვი, რომ სხდომიდან სხდომამდე ისე ვითარდება პროცესები გარეთ, რომ ჩემს საქმეზე და პატიმრობაზე ვერ ვკონცენტრირდები-მეთქი. ასეა ახლაც.

4 აგვისტო მონიშნული მქონდა როგორც თარიღი, როცა ნინო დათაშვილი, სინდისის პატიმარი, მარტოხელა დედა, მისი აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე უნდა ემსჯელა სასამართლოს. ისიც იმ დაწესებულებაშია, სადაც მე. თუმცა ისეთ პირობებში ვართ, შემთხვევითაც ვერ გადავეყრებით ერთმანეთს. ნინო გამაგრდი, მარტო არ ხარ.

მას შემდეგ, რაც გავიგე, რომ პროკურატურა ფსიქიატრიულში გამოკეტვას უპირებს, სულ ჩამოვიშალე. მიჭირს გავიხსენო, როგორი იყო მორალისგან დაცლილი ასე სისტემა.

გავიხსენე ნინოს სიტყვები, მე მსხვერპლი არ ვარ და ყველაფერი თავის ადგილზე დაბრუნდა. ნინო, რეჟიმი საკადრის პასუხს მიიღებს.

ბრაზის და უსამართლობის გამო, ბატონო პროკურორებო, მეც ამიწყლიანდება ხოლმე თვალები, ენაც მებმება და სიტყვებს ვერ ვპოულობ. რას იტყვით, საჭიროებს ეს ფსიქიატრიულ ექსპერტიზას?

დათაშვილის ფაქტის გამო, ბევრი სათქმელი უმნიშვნელო გახდა.

ძალიან მინდა, მესაუბრა ბათუმელებისა და ნეტგაზეთის მისიაზე, მიუკერძებლობაზე. ბატონი პროკურორი მიუთითებდა პასუხისმგებლიან ჟურნალისტიკაზე.

რა სიკეთე მოაქვს მიუკერძოებელ გამოძიებას. კანონში ცვლილებები შესულა და კონკრეტული ადამიანების სიცოცხლეც გადარჩენილა.

ძალიან მინდოდა დღეს ვრცლად სოლიდარობის მნიშვნელობაზე და რუსული კანონის მავნებლობაზე მელაპარაკა. მას რუსულს ვეძახით და მართლაც რუსულია.

იქ, სადაც მეშვიდე თვეა, უკანონოდ გამოკეტილი ვარ, ბევრისთვის საპროცესო გარიგება, ბევრისთვის სახელმწიფოს მხრიდან გადადგმული ჰუმანური ნაბიჯია. ვერ დავივიწყებ პატარა გოგოს ტირილს, რომლის ხმა ჩემს საკანში აღწევდა. დედა მენატრებაო. როცა გავიგე, რომ მის მშობელთან საპროცესო გარიგებას აწარმოებდნენ, ძალიან გამიხარდა.

ჩემს შემთხვევაში ასე არ არის. პირიქითაა. ცოცხლად დამარხვის ტოლფასია. შემოთავაზებაც კი ძალიან შეურაცხმყოფელია. ადვოკატებმა ჩემი პოზიცია უკვე გაახმოვანეს. არა, ვერ მოვაწერ ხელს ამ საპროცესო გარიგებას, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ რაც მოხდა, ის არ იყო თავდასხმა. რა სამართალია, ეს არ ვიცი.

ჩემი დაპატიმრების პირველი დღიდან ამ სასამართლო დარბაზში არაერთგზის მკაფიოდ დამიფიქსირებია, რომ პასუხისმგებლობას არ გავურბივარ, განსხვავებით, ე.წ. დაზარალებული დგებუაძისგან. კანონში არსებობს ჩემი ქმედების, სილის გაწვნისთვის ადეკვატური მუხლი.

დამაბრალეს ათასი სიგიჟე. არ გეგონოთ ამას უბრალო ადამიანები მაბრალებენ, ისინი მაღალ თანამდებობაზე არიან. განსაკუთრებით აქტიურობს ქართული ოცნების პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე.

ამიტომ მინდა მას მივმართო: პოლიციელის ღირსების შელახვას "დიპ სტეიტი“ არ სჭირდება, თვითონ იქცევიან ასე. პოლიციის ღირსებას მაშინ შეილახა, როცა არ გამოიძიეთ ისეთი საქმეები, როგორიცაა გურამ როგავაზე, მაკა ჩიხლაძეზე, ალექსანდრე ქეშელაშვილზე, გიორგი შეწირულზე თავდასხმის გამომძიებლობაა. რასაც მათ უკეთებენ, ესაა თავდასხმა. თავ-პირი დაულეწეთ ახალგაზრდებს და არც ეს საქმეები გამოიძიეთ.

ამიტომაც ძალიან მიჭირს და არაფერს ვამბობ იმ ღირსების შემლახველ ქმედებაზე, რაც პოლიციამ ჩაიდინა.

ქალბატონო მოსამართლე, ამის კადრები არ მაქვს, ამიტომ კადრად წარმოიდგინეთ ის, რასაც მოგიყვებით - მშვიდ გარემოში მოულოდნელად ჩნდება პოლიცია, მაქცევს შუაში და ძირს ვეცემი, გადამთელავენ. ახლა მეორე ეპიზოდი წარმოიდგინეთ, ეს სილის გაწვნის შემდეგი ეტაპია - ფეხშიშველი, შეურაცხყოფილი პოლიციის განყოფილებაში ვზივარ - ხმაურით და გინებით ოთახში მოიწევს პირი. ძალიან ცუდია, რომ ვერ დავიმახსოვრე, მათი სახელი, ვინც ამას ამარიდა. მადლობა ეკუთვნით მათ. ეს შემოვარდნები და გინებები სამჯერ გამეორდა - ყოველი შემდეგი შემოვარდნა იმაზე უარესი იყო ვიდრე წინა. ბოლო შემოვარდნაზე სახეში შემაფურთხა - ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ მეტყოდნენ „ჩაიფსას“, „არ გაიყვანოთ“. ეს პირი „დაზარალებული“ ირაკლი დგებუაძეა", - განაცხადა მზია ამაღლობელმა.