"კოალიცია ცვლილებებისთვის" წევრი საბა სხვიტარიძე, რომელიც პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს, თბილისის საქალაქო სასამართლომ სამართალდამრღვევად ცნო.

მას ადმინისტრაციული სახდელის სახით 2 500-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა.

საქმეს მოსამართლე ზვიად ცეკვავა განიხილავდა.

საბა სხვიტარიძეს ადმინისტრაციული წესით სამი მუხლით ედებოდა ბრალი - 174-ე პრიმა მუხლის მე-4 ნაწილით, 166-ე და 173-ე, რაც გზის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვას, რაც წვრილმან ხულიგნობასა და სამართალდამცველის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

პარალელურად, საბა სხვიტარიძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფას სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით გულისხმობს. აღნიშნული კი თავისუფლების 7-დან 11 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს.