შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარისა და ქვემო ქართლის მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, სხვადასხვა დროს სამი პირი დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, პატრულ-ინსპექტორებმა აჭარაში, ქვემო ქართლსა და თბილისში ბრალდებულების პირადი, ავტომობილებისა და საცხოვრებელი ბინების  ჩხრეკისას, ასევე, მათ მიერ მითითებული სხვადასხვა ადგილიდან განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის: „მეთადონი“,  „მეფედრონი“, "გამომშრალი მარიხუანა“ და ფსიქოტროპული ნივთიერება „პრეგაბალინის“  შემცველი 182 აბი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე,  260-ე კვარტა და 261-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 20 წლამდე ან უვადო აღკვეთას ითვალისწინებს.