ციხით რომ მაშინებს პროკურორი, ციხეშიც შევალ და იქიდან ორჯერ უფრო ვაჟკაცურად გამოვალ. ე.ი. გულზე ხელი რომ მოვიკიდე, ეს იყო საშიში? მე დანაშაული არ ჩამიდენია ბატონო მოსამართლევ, ხოლო თუ ის შვიდი ადამიანი შევაშინე, საჯაროდ ბოდიშს მოვიხდი, - ამის შესახებ დაკავებულმა თამაზ ელიზბარაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა. 

მისივე თქმით, ის თავს დამნაშავედ არ გრძნობს.

“რესტორნის ერთ-ერთი კუპედან გამოვიდა შვიდი პირი. ვკითხე, ვინ ხართ-მეთქი. ჩვენ „იმედის" თანამშრომლები ვართო. ვუპასუხე, კი მაგრამ არცერთს არ გიცნობთ-მეთქი. შენ ჩვენ ხშირად გვაგინებ და ბოდიში უნდა მოიხადოო. რესტორანში, ზემოთ მეუღლე მელოდებოდა და ამაზე ვნერვიულობდი. რომ არ გამიშვეს და დამაგვიანდა, ჩემი მეუღლეც ჩამოვიდა ზევიდან. არ მინდოდა ჩემს მეუღლე ენახა, როგორ მაფურთხებდნენ, მაგინებდნენ. არ მინდოდა ეს საუბარი მოესმინა ჩემს მეუღლეს. ჩემი მეუღლე ავიდა ზევით და რამდენიმე წუთში, რესტორნის დაცვის თანამშრომელთან ერთად ჩამოვიდა, თუმცა მათ ჩამოსვლამდე ამ შვიდიდან ერთ-ერთზე ვამბობდი, რომ გაიყვანეთ-მეთქი. ხელი მომიქნია, მაგრამ არ მომხვედრია, მაგინებდა. ბოდიშის მოხდას ითხოვდნენ. მე ვუთხარი, ვაჟკაცი კაცი ვარ და ბოდიშის მოხდა არ მრცხვენია-მეთქი, მაგრამ მითხარით, რაზე უნდა მოგიხადო ბოდიში-მეთქი. სანამ ბოდიშს არ მოიხდი, აქედან ვერ გაგიშვებთო. ჩვენი არ მოგვწონს შენი სამოქალაქო პოზიციაო.

ვუთხარი, შვილებს გეფიცებით, ბავშვს ძუძუ უნდა აჭამოს ჩემმა მეუღლემ და დავბრუნდები-მეთქი. შაკო მემუქრებოდა, სადაც გნახავ, ასე და ისე ვიზამო. დავბრუნდი იმიტომ, რომ ეს კონფლიქტი ამომეწურა. სულ ბავშვებთან ერთად დავდივარ. 64 წლის კაცს მე ლაპარაკი არ მეშლება. დავამშვიდე ჩემი მეუღლე და დავბრუნდი რესტორანში.

წნევა მაღალი მქონდა, ნერვიულობის ფონზე კიდევ მიწევს ხოლმე, წამალი დავლიე. [რესტორანში] რომ ჩავედი, არავინ დამხვდა. გულზე მეჭირა ხელი, რადგან ცუდად ვიყავი. ვეუბნები დაცვის თანამშრომელს, მელოდებიან ეს ბიჭები-მეთქი. დაკეტილია რესტორანიო, არავინააო. წავედი მანქანისკენ.

ციხით რომ მაშინებს პროკურორი, ციხეშიც შევალ და იქიდან ორჯერ უფრო ვაჟკაცურად გამოვალ. ე.ი. გულზე ხელი რომ მოვიკიდე, ეს იყო საშიში? მე დანაშაული არ ჩამიდენია ბატონო მოსამართლევ, ხოლო თუ ის შვიდი ადამიანი შევაშინე, საჯაროდ ბოდიშს მოვიხდი“, - განაცხადა თამაზ ელიზბარაშვილმა.