შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, სხვადასხვა დროს ოთხი პირი დააკავეს, მათ შორის 3 უცხო ქვეყნის მოქალაქეა.

"სამართალდამცველების მიერ კომპლექსურად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებულები ნარკოტიკული საშუალებების უკანონო რეალიზაციის სქემაში იყვნენ ჩართულნი. ისინი შემდგომი გასაღების მიზნით, ნარკოტიკებს სხვადასხვა ადგილზე ათავსებდნენ, რის შემდეგაც შესაბამის კოორდინატებს და ფოტომასალას დაინტერესებულ პირებს უგზავნიდნენ.

სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, ასევე, მათ მიერ მითითებული ადგილებიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ განთავსებული, 60 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციის მიერ, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების  20 წლამდე ან უვადო აღკვეთას ითვალისწინებს", - აცხადებენ შსს-ში.