ვერცერთმა მოწმემ, რომელიც სასამართლო პროცესზე დაიკითხა, ვერ თქვა, რომ ბაჩო ახალაიას განცხადება ატარებდა მოწოდების შინაარსს, - ამის შესახებ თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას ადვოკატმა გია გოროზიამ განაცხადა.

მისივე თქმით, სასამართლო ვერ გამოიტანს გამამტყუნებელ განაჩენს საქმეში არსებული ობიექტური პირობებიდან გამომდინარე.

"ვერცერთმა მოწმემ, რომელიც სასამართლო პროცესზე დაიკითხა, ვერ თქვა, რომ ბაჩო ახალაიას განცხადება ატარებდა მოწოდების შინაარსს. სასამართლო ვერ გამოიტანს გამამტყუნებელ განაჩენს საქმეში არსებული ობიექტური პირობებიდან გამომდინარე", - განაცხადა გია გოროზიამ.

თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია გასული წლის 25 დეკემბერს დააკავეს. საქმე 4 ოქტომბერს, თბილისში განვითარებულ მოვლენებს ეხება. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ცხრა წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

პროკურატურამ კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის მოწოდების ფაქტზე ბაჩო ახალაიას მეორე ბრალდება 27 მარტს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით წარუდგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.