ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადებისა და გასაღების ფაქტზე ორი პირი დააკავეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ერთ-ერთი მათგანის სახელზე რეგისტრირებული კომპანიის მეშვეობით დაამზადეს და გაასაღეს 176 000 ლარის ღირებულების პოლიეთილენის ყუთების თითქოსდა მიწოდების ამსახველი ყალბი სასაქონლო ზედნადებები და საგადასახადო ანგარიშფაქტურა. აღნიშნული ქმედების სანაცვლოდ მათ მართლსაწინააღმდეგოდ მოითხოვეს და მიიღეს 49 300 ლარი.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით ითვალისწინებს", - აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.