გამეცეს პასუხი ვინ დაუკვეთა "მომავლის ბიჭის“, ჩვენი ნიკოს მკვლელობა ამ ახალგაზრდებს და თუ არ გამეცა ამაზე პასუხი, გამოდის, რომ დამკვეთი ისევ არის ხელისუფლებაში!, - ამის შესახებ მოკლული ნიკო კვარაცხელიას დედა იზა ომაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ძმები კაკულიები არიან გამოყენებული და გადაგდებული სწორედ ჰოლივუდური სცენარით.

"ძვირფასო ჟურნალისტებო, ჩემო ძვირფასო მეგობრებო, ყველას სათითაოდ ვერ გპასუხობთ, ნუ აღელდებით, და ამ კონკრეტულ ახალგაზრდებზე (ძმებ კაკულიებზე და ბესარიონ ჟვანიაზე) ნუ ვკონცენტრირდებით, ისინი არიან გამოყენებული და გადაგდებული სწორედ ჰოლივუდური სცენარით!

გამეცეს პასუხი ვინ დაუკვეთა „მომავლის ბიჭის“, ჩვენი ნიკოს მკვლელობა ამ ახალგაზრდებს და თუ არ გამეცა ამაზე პასუხი, გამოდის, რომ დამკვეთი ისევ არის ხელისუფლებაში!

ყველაფერი ვიცოდით ხუთი წლის წინ! მადლობა თანადგომისთვის… ყველაფერი გაცხადდება!“, - წერს იზა ომაძე.

2021 წლის 15 სექტემბერს, თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე ნიკო კვარაცხელიას ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. მიყენებული ჭრილობების შედეგად ახალგაზრდა საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

ნიკო კვარაცხელიას შეკვეთით ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ორგანიზების ფაქტზე გურამ კაკულიას, დავით კაკულიას და ბესარიონ ჟვანიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25, 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარუდგინეს, რაც 2021 წელს მოქმედი რედაქციით, სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების 20 წლამდე, ან უვადო აღკვეთას ითვალისწინებს.

მკვლელობაში ბრალდებულ აკო ჭელიძეს 17 წლით, გიორგი კავილაძეს კი 16 წლით პატიმრობა აქვთ მისჯილი.