გავაპროტესტებთ ყველაფერს უშიშრად, ხისტად და მთავარი მოთხოვნით - საქართველო ივანიშვილის გარეშე, დავიბრუნოთ ევროპა. ვაანონსებთ დიდი კამპანიის დაწყებას 25 ოქტომბერს, თსუ-ის პირველ კორპუსთან, 19:00 საათზე, გელით ყველას, ეს არის ჩვენი დღე, ყველას გვართმევენ სამშობლოს, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა და ოპოზიციის ალიანსის წევრმა ნიკა გვარამიამ განაცხადა.

მისი თქმით, პარტიების აკრძალვა დემოკრატიის დაკარგვას ნიშნავს.

"ოპოზიციის ალიანსი აკეთებს განცხადებას პარტიების გაუქმებასთან დაკავშირებით, ოღონდ ეს საკითხი არ ეხება ჩვენთვის თანამდებობის წართმევას. ჩვენ ამაზე ნებაყოფლობით ვთქვით უარი იმიტომ, რომ ხელისუფლებამ მიიტაცა არჩევნები და ქვეყანა, ჩვენ ამაში მონაწილეობის მიღებას არ ვაპირებთ, მაგრამ ის, რაც დღეს ხდება, არის ქვეყნისთვის დემოკრატიის წართმევა, ჩვენი დიდი წინაპრებისა და დიდი ქართული ისტორიისთვის მთავარი ოცნების - ევროპის ოჯახის სრულფასოვანი წევრობის წართმევა, ეს არის ჩვენი შვილებისთვის საუკეთესო განათლების წართმევა, მოხუცებისთვის საუკეთესო ჯანდაცვის წართმევა, ჩვენი პენსიონერებისთვის მაღალი პენსიის წართმევა, სამაგიეროდ თავად უმაღლესი ხელფასების დანიშვნა, დიასახლისებისთვის პროდუქტებზე დაბალი ფასების წართმევა, ეს არის ყველა დაცარიელებული რეგიონი და ქალაქები და ქართველებისთვის მამაპაპისეულ სახლში ცხოვრების უფლების წართმევა და მათი გაწირვა ქვეყნიდან წასასვლელად. ეს არის ემიგრანტებისთვის ხმის წართმევა. ეს არის ფერმერებისთვის ყველაზე დიდი ბაზრის გასაღების წართმევა და დატოვება მხოლოდ რუსული ბაზრის ამარა, რომელიც ქართველი ფერმერებისთვის დაიხურა. ეს არის ჟურნალისტებისთვის თავისუფალი სიტყვის წართმევა. ეს არის სამოქალაქო საზოგადოების ბრწყინვალე ტვინებისთვის და დიდი პატრიოტებისთვის სამშობლოსთვის მსახურების უფლების წართმევა.

ის, რაც მოხდა 2024 წლის 25-26 ოქტომბერს, ეს იყო არა ჩვენი თანამდებობების წართმევა, არამედ მითვისება "ქართული ოცნების" მხრიდან ჩვენი ქვეყნის, რომ გაგრძელდეს კორუფცია, თქვენი ძარცვა და მათ მიერ დიდი ფულის შოვნა და ჩვენ აქედან რაც მივიღეთ, უკვე გითხარით. ამიტომაც, ჩვენ ვიქნებით ყველგან - სასამართლო დარბაზებში, ბათუმში, ქუჩაში თბილისში, გავაპროტესტებთ ყველაფერს უშიშრად, ხისტად და მთავარი მოთხოვნით - საქართველო ივანიშვილის გარეშე, დავიბრუნოთ ევროპა, სამართლიანობა, კეთილდღეობა და ქართველს ჰქონდეს შესაძლებლობა, საკუთარ სამშობლოში ბედნიერი ცხოვრების. ვაანონსებთ დიდი კამპანიის დაწყებას 25-ში თსუ-ის პირველ კორპუსთან, 19:00 საათზე. გელით ყველას, ეს არის ჩვენი დღე, ყველას გვართმევენ სამშობლოს", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.