უარი განაცხადა ციხის საკვებზე და თქვა, რომ თუ მომეწოდება ოჯახიდან საკვები, კარგი, თუ არა და დაიწყებს შიმშილობას, - ამის შესახებ დაკავებული ბიზნესმენის გიორგი ჩიკვაიძის დედამ ეკა წერეთელმა განაცხადა.

მისივე თქმით, პენიტენციური სამსახური დათანხმდა ოჯახიდან საკვების მიტანაზე, თუმცა შაბათი დღის შემდეგ ვითარება შეიცვალა და  გიორგი ჩიკვაიძე შიმშილობაზე გადავიდა.

"მან განაცხადა უარი ციხის საკვებზე იმიტომ, რომ ეჭვი გვაქვს, ის მოწამლეს და თვითონაც ამაში თითქმის დარწმუნებულია. უარი განაცხადა ციხის საკვებზე და თქვა, რომ თუ მომეწოდება ოჯახიდან საკვები, კარგი, თუ არა და მე დავიწყებ შიმშილობას.

პენიტენციური სამსახური დაგვთანხმდა საკვების მიტანაზე და ორი კვირა ამას წარმატებულად ვახორციელებდით. შაბათ დღეს აღარ შეგვატანინეს და როდესაც შევიდა სახალხო დამცველის აპარატი, მან მოინახულა გიორგი და გუშინ წინ, საღამოს 6 საათიდან მან უკვე დაიწყო შიმშილობა და სრული უნდობლობა პენიტენციური სამსახურის მიმართ", - განაცხადა ეკა წერეთელმა. 

თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი ჩიკვაიძე და ირაკლი პაპიაშვილი დამნაშავედ ცნო და თავისუფლების 9 წლითა და 8 წლის ვადით აღკვეთა მიუსაჯა.

ბიზნესმენებს გამოძიება დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისებას ედავება.