ბათუმელები/ნეტგაზეთის დამფუძნებელი და მედია მენეჯერი, უკანონო პატიმრობაში მყოფი მზია ამაღლობელი, ექვს სხვა ჟურნალისტთან ერთად 2025 წლის მსოფლიო პრესის თავისუფლების გმირის ჯილდოს მფლობელად დასახელდა.

ჯილდო საერთაშორისო პრესის ინსტიტუტის IPI-IMS-ის მიერაა დაწესებული.

"შვიდი გამორჩეული ჟურნალისტი საქართველოდან, აშშ-დან, ღაზას სექტორიდან, პერუდან, ჰონკონგიდან, უკრაინიდან და ეთიოპიიდან 2025 წლის IPI-IMS-ის მსოფლიო პრესის თავისუფლების გმირებად დასახელდა თავისუფალი მედიისთვის ბრძოლაში გამოჩენილი განსაკუთრებული გამბედაობისა და გამძლეობისთვის.

ბევრმა განიცადა პატიმრობა, რეპრესიები და დაუნდობელი მცდელობები მათი საქმიანობის გასაჩუმებლად, მაგრამ ისინი აგრძელებდნენ რეპორტაჟების მომზადებას შესანიშნავი გამძლეობითა და ჟურნალისტიკისადმი ერთგულებით.

დაჯილდოვებულთაგან ორი, ორივე ქალი, დაიღუპა ომის ზონებიდან მსოფლიოსთვის ახალი ამბების მიწოდებისას. ეს ჯილდო პატივს მიაგებს მათ მემკვიდრეობას.

კიდევ ორი ​​დაჯილდოვებული ამჟამად ციხეშია პრესისა და გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ მიმართული რეპრესიების ფონზე,“ – ნათქვამია IPI-IMS-ის მიერ გავრცელებულ რელიზში.

მსოფლიო პრესის თავისუფლების გმირის ჯილდო, რომელსაც ყოველწლიურად გასცემს საერთაშორისო პრესის ინსტიტუტი (IPI) საერთაშორისო მედიის მხარდამჭერ (IMS-სთან) პარტნიორობით, აღიარებს ჟურნალისტებს, რომლებმაც გამოავლინეს ურყევი ერთგულება პრესის თავისუფლების მიმართ.

IPI აჯილდოებს იმ ადამიანებს, რომლებიც განასახიერებენ უშიშარი ჟურნალისტიკის სულისკვეთებას და თავისუფალი გამოხატვისთვის მუდმივ ბრძოლას.

2025 წლის ჯილდოს მფლობელები, რომლებიც IPI-IMS-ის საერთაშორისო შერჩევის კომიტეტმა შეარჩია, არიან: მზია ამაღლობელი საქართველოდან, მარტინ ბარონი აშშ-დან, მარიამ აბუ დაგა პალესტინიდან (ჯილდო გადაეცა სიკვდილის შემდეგ), გუსტავო გორიტი პერუდან, ჯიმი ლაი ჰონკონგიდან, ვიქტორია როშჩინა უკრაინიდან (ჯილდო გადაეცა სიკვდილის შემდეგ), ტესფალემ ვალდიესი ეთიოპიიდან.

საერთაშორისო პრესის ინსტიტუტი ავრცელებს მზია ამაღლობელის სამადლობელ სიტყვას, რომელიც მან რუსთავის ქალთა კოლონიიდან გაუგზავნა IPI-ის.

„მსოფლიო პრესის თავისუფლების გმირის პრესტიჟული ჯილდოს მფლობელებს შორის ყოფნა ერთდროულად პატივიცაა და პასუხისმგებლობაც. ეს ჯილდო მხოლოდ მე არ მეხება; ის აღიარებს საქართველოში მრავალი ჟურნალისტის ბრძოლას, რომლებიც უზარმაზარი ზეწოლის მიუხედავად, გაბედულად იცავენ სიმართლეს… ეს ჯილდო შეხსენებაა იმისა, რომ ჩვენი მსხვერპლი უხილავი არ არის და რომ საერთაშორისო საზოგადოება მხარს გვიჭერს. რაც მთავარია, ეს ყველა ჩვენგანისთვის წახალისების წყაროა, გავაგრძელოთ პრესის თავისუფლების დაცვა, რადგან ამით ჩვენ ასევე ვიცავთ თავად დემოკრატიას“, – წერს მზია ამაღლობელი.

გამარჯვებული ჟურნალისტების წარმომადგენლებს ჯილდოები გადაეცემათ IPI-ის 75-ე წლისთავისადმი მიძღვნილ მსოფლიო კონგრესზე ვენაში, 24 ოქტომბერს.

https://batumelebi.netgazeti.ge/news/590340/