მე ვუსურვებ ყველას, რომ შეძლოს პატრიარქთან მისვლა და გააცილოს ბოლო გზაზე, ეს ადამიანებისთვისაა მნიშვნელოვანი, ესეც მოვლენაა, - ამის შესახებ არქიმანდრიტმა დოროთე ყურაშვილმა განაცხადა.

"ილია მეორემ შეძლო, ერისთვის თავი შეეყვარებინა. პატრიარქი რომ თავს შეგაყვარებს და რომ გიყვარს, ე.ი. ქრისტიანი ხარ. მე ვუსურვებ ყველას, რომ შეძლოს პატრიარქთან მისვლა და გააცილოს ბოლო გზაზე, ეს ადამიანებისთვისაა მნიშვნელოვანი, ესეც მოვლენაა.

მე მგონია, რომ მართლა დამთავრდა ეპოქა, ოღონდ დიდი პატრიარქების. სამწუხაროდ, საქართველოს ეკლესია არის პატრიარქების ეკლესია, დიდი და ძველი ეკლესიები ასე არ იყო. მე ვფიქრობ, რომ პატრიარქთან ერთად ბერობაც კვდება საქართველოში. ბოლო დროს მოკვდა და პატრიარქს გაჰყვება ამ ბერული რაღაცის აღორძინება, ამაში მწყდება გული ძალიან, რადგან პატრიარქთან ერთად ბევრი რამ მოკვდა საქართველოში, რაღაცებს აკეთებდა ისეთს, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მისი ღვაწლი ყველაფერია, მეც მისი ღვაწლის ნაწილი ვარ.

რაც შეეხება თანამოსაყდრეს, ხომ ამბობდნენ, რომ შიო პატრიარქმა აირჩია და პატრიარქის სურვილით იყო ეს, პატრიარქის სურვილით იქნებოდა, თუ პატრიარქი თავის სიცოცხლეშივე მას გააპატრიარქებდა, სინოდზე ზეგავლენას მოახდენდა, მაგრამ პატრიარქმა ეს არ გააკეთა, რაღაც იმედები მისცა უცხო ძალებს და დაუნიშნა - აგერ იყოს და ამან მართოსო. იძულებული იყო, რა, მაინც ასაკმა... ფაქტობრივად, 85 წლის მერე არ უპატრიარქია", - განაცხადა არქიმანდრიტმა დოროთე ყურაშვილმა.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 17 მარტს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. პატრიარქს სიონის საკათედრო ტაძარში 22 მარტს დაკრძალავენ.

საქართველოში გლოვაა გამოცხადებული.