სპორტსმენმა ლაშა ბექაურმა ლომის ბოკვერი ზოოპარკში ჩააბარა. ორგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა ფაქტის ამსახველი ფოტო სოციალურ ქსელში თავად გაავრცელა. 

ბექაურმა ლომის ბოკვერის ზოოპარკში მიყვანა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც მის მიერ გავრცელებულმა ვიდეომ, როგორ ასეირნებდა ბოკვერს ვაკეში ავტომობილით, საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია. გაირკვა, რომ ეგზოტიკური ცხოველის ყოლას სპეციალური ნებართვა სჭირდება, მისი ქვეყანაში შემოყვანის გზები კი სავარაუდოდ არალეგალური იყო.

ცხოველის მიყვანას ადასტურებს ზოოპარკის დირექტორი ზურაბ გურიელიძეც. მისი თქმით, ცხოველის ჩაბარებას ესწრებოდა როგორც პატრონი, ასევე გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენლებიც.

"მოვიდა ძალიან ცნობილი, ახალი ბინადარი, რომელმაც დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია და საბოლოოდ მოხვდა ჩვენთან. გავზრდით, მერე ალბათ ჩამოვუყვანთ მეწყვილეს. ჯერჯერობით სახელზე არ გვიფიქრია, ოფიციალური სახელი სიმბა ჰქვია, მაგრამ მულტფილმიდან გამომდინარე ხვადი ლომის სახელია, ეს ძუ გახლავთ. პატრონიც იყო მოსული, გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენლებიც, ასე რომ ყველანაირი ფორმალობა, რაც ჩვენთვის საკმარისი იყო... დანარჩენი ვნახოთ, გარემოს დაცვის სამინისტროს ექნება ალბათ...

ლომებს ვერ შევუერთებთ, რადგან ისინი არიან ზრდასრულები და მათ სხვის ნაშიერთან დაკავშირებით, ცოტა თავისებური დამოკიდებულება აქვთ, ადვილად არ იღებენ, ამიტომ მას ჯერჯერობით ცალკე ყოფნა მოუწევს", - განაცხადა ზურაბ გურიელიძემ.