მსახიობი მეგი კობალაძე ბათუმის თეატრის სამხატვრო საბჭოს წევრი ზაალ გოგუაძეს პასუხობს, რომელიც ამტკიცებს, რომ გეგა გაგნიძის საავტორო ნამუშევრის ჩახსნა რეჟისორის მხრიდან შეუთანხმებელ ნაბიჯებს უკავშირდება.

მსახიობი წერს, რომ გოგუაძე მთელ დასში ყველაზე საშიში ადამიანია და მისი ეშინია.

მეგი კობალაძის თქმით, პასუხისმგებელობა ყველას გასანაწილებელია და “ტყუილად ცდილობენ ხელი მხოლოდ კოტე მჟავიას შეახოცონ".

"პირველივე ფრაზიდან ბატონი ზაალ გოგუაძე ცდილობს ხელი შეახოცოს კოტე მჟავიას და წყლიდან მშრალი ამოვიდეს, ზუსტად ისე როგორც გუშინ ბათუმის ილია ჭავჭავაძის დრამატული თეატრის გვერდზე გამოხატეს "დაბნეულობა" საბჭოს რამდენიმე წევრმა, როდესაც სწორედ ამ ადამიანების ხელით იქნა გაშვებული გეგა გაგნიძე. არა, ბატონებო, გთხოვთ ეს პასუხისმგებლობა ყველამ გაინაწილოთ თანაბრად.

ქვემოთ მოყოლილ ბრალდებებზე გეგა თავად გაგცემს პასუხს (რამოდენა ტექსტებს წერ ცოტა დაგვინდე) და რაც შეგეხება შენ ზალიკო, პირადად შენ ხარ ყველაზე საშიში ადამიანი მთელ დასში. მეშინია შენი, უამრავი მიზეზის გამო, მაგრამ ერთს გავიხსენებ: შენ ხარ ადამიანი, რომელიც იყავი ნუკრი ქანთარიას ბეჯითი პიონერი და როგორც კი წყალი შეუდგა, უმალ გადმოხტი ჩვენს მხარეს და ძირის თხრა დაუწყე ნუკრი ქანთარიას, იმის იმედით რომ საბოლოოდ აღმოჩნდებოდი სამხატვრო ხელმძღვანელის სკამზე. მოვუწოდებ ფრთხილად იყოს კოტე მჟავია შენთან მეგობრობა თუ აქვს გადაწყვეტილი", - წერს კობალაძე.

გუშინ ცნობილი გახდა, რომ ბათუმის დრამატულ თეატრი რეჟისორ გეგა გაგნიძის სპექტაკლს აუქმებს, მიზეზად კი სპექტაკლში სუბიექტური პოლიტიკური აქტის განხორციელების გეგმას ასახელებს.

მათი მტკიცებით, “პოლიტიკის შემოტანა სცენაზე სცილდება ხელოვნების ჩარჩოებს და ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ კონკრეტულ პოლიტიკურ კონტექსტს“.