სამოქალაქო მოძრაობა "აირჩიე ევროპა" აცხადებს, რომ პლატფორმა "წინაპრებთან" და რუსული კანონის წინააღმდეგ გამართული აქციების ორგანიზატორ ახალგაზრდებთან 26 ოქტომბერს, საქართველოს ევროპული მომავლის გამარჯვებისთვის ერთიანდებიან.

დღეს მათ ხელი მოაწერეს "ერთიანობისა და გამარჯვებისთვის მზაობის" მანიფესტს.

"მე საქართველოს მოქალაქეს, მსურს ვიცხოვრო თავისუფალ, სამართლიან და დემოკრატიულ ქვეყანაში, ვიცი, რომ ჩემი ოჯახის და მთლიანად ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის აუცილებელია საქართველო გახდეს ევროპული და ევროატლანტიკური ოჯახის წევრი. ამით ყველას მოგვეცემა მშვიდობიანი განვითარებისა და კეთილდღეობის შესაძლებლობა ისე, რომ განვამტკიცოთ ჩვენი თვითმყოფადობა, რწმენა, ენა, კულტურა და ტრადიციები.

ვაცნობიერებ, რომ მხოლოდ დიდ ევროპულ და ევროატლანტიკურ ოჯახში შესაძლებელი იქნება ქვეყნის უსაფრთხოების განმტკიცება. საქართველოს ევროპული გზით განვითარება ნიშნავს რეალურ შესაძლებლობას ვიცხოვრო კეთილდღეობაში, უკან მოვიტოვო სიღარიბე, ვიყო დაცული და მქონდეს სამართლიანობის იმედი.

ვიაზრებ იმას, რომ თუ ახლა ვერ გამოვიყენებთ ამ ისტორიულ შანსს, შესაძლებელია ჩვენმა ქვეყანამ კვლავ მრავალი ათეული წლით დაკარგოს მშვიდობიანი განვითარებისა და კეთილდღეობის ევროპული პერსპექტივა, და მიმაჩნია, რომ იგივე აზრისაა საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი.

დარწმუნებული ვარ, რომ მხოლოდ ფიქრითა და ოცნებით საქართველო საკუთარ ისტორიულ არჩევანს რეალობად ვერ აქცევს. საჭიროა თითოეული ჩვენგანის აქტიური მოქმედება ევროპული მომავლის გადასარჩენად და ქვეყნის დემოკრატიისა და განვითარების შეუქცევად გზაზე დასაბრუნებლად.

2024 წლის 26 ოქტომბერი ჩემი, როგორც საქართველოს მოქალაქის ყველაზე ფასეული შესაძლებლობა და მნიშვნელოვანი ვალდებულებაა, ახალგაზრდული საპროტესტო ტალღის მხარდაჭერა, არჩევნებში მათი მონაწილეობის ხელშეწყობა, და ნებისმიერი ხელის შემშლელი გარემოების მიუხედავად არჩევნებზე მისვლა და ევროპული არჩევანის გაკეთება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მე საქართველოს ისტორიის, აწმყოსა და მომავლის წინაშე ვდებ შემდეგ პირობას:

აუცილებლად წავალ არჩევნებზე

ხმას მივცემ იმ პოლიტიკურ ძალას, რომელიც არა მოსაჩვენებლად, არამედ რეალურად უჭერს მხარს საქართველოს ევროპულ მომავალს. იმავეს მოვუწოდებ ჩემს ყველა თანამოქალაქეს, ვისთვისაც ხმის მიწვდენას შევძლებ;

პატივს ვცემ და დავიცავ სიმართლეს, რომ გაიმარჯვოს ხალხის ნებამ!

წადი არჩევნებზე, აირჩიე ევროპა!" - აღნიშნულია მანიფესტის ტექსტში.

ფოტო: ტვ პირველი