როგორც ჩანს, ვიღაცამ გამოიყენა ეს ადამიანი ჩემს გასაშავებლად, მაგრამ მე ყველა ჩვენი კომუნიკაცია შენახული მაქვს, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე წერს.

"მოგიყვებით სიმართლეს:

2026 წლის 16 აგვისტოს, ჩემს ოფიციალურ ფეისბუკ გვერდზე - ტარიელ კაკაბაძე/ Tariel Kakabadze მომწერა ადამიანმა ფეისბუკ პროფილით "ნასვამი ჩოჩორი". მითხრა, რომ ჩართულია გურამ დადიანიძის საქმის პროცესში და სურდა დახმარების გაწევა. მე სერიოზულად არ აღვიქვი მისი ნათქვამი, მაგრამ ვუთხარი, რომ თუ რამე ინფორმაციას მიიღებდა, მოეწოდებინა ჩემთვის და მოეწერა პროფილზე: Tariel Kakabadze. აღნიშნული პროფილის პოვნა გაუჭირდა და თავად ვიპოვე ის.

ამის შემდეგ მომაწოდა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ კახა გელაშვილის სახელით შექმნილ ფეიკ გვერდიდან თავად კახა გელაშვილი იყო შესული და ასევე შესული იყო სხვა პიროვნებაც ვლადიკავკაზიდან. მისი თქმით, პოსტი "დედა ცოცხალი ვარ" დადებულია კახა გელაშვილის მიერ.

ჩემმა თანამშრომელმა აღნიშნული ინფორმაცია დაუყოვნებლივ მიაწოდა გამომძიებელსა და პროკურორს.

ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩამოვფრინდი, 10-საათიანი ფრენის შემდეგ. ინტერნეტთან წვდომა არ მქონდა 10 საათის განმავლობაში. ჩამოფრენიდან რამდენიმე საათში მესენჯერში ვკითხულობ ამ ე.წ. ფეიკიდან შემოსულ მესიჯს სადაც მატყობინებს, რომ მისი დაწერილია ოსურ ენაზე პოსტი: "დადგა ჟამი".

როგორც ჩანს, ვიღაცამ გამოიყენა ეს ადამიანი ჩემს გასაშავებლად, მაგრამ მე ყველა ჩვენი კომუნიკაცია შენახული მაქვს.  

ჩემს პოსტს დავურთავ აღნიშნული ანგარიშიდან შემოსული მესიჯის სქრინს და ასევე ჩემი პასუხის სქრინს, სადაც ვსაყვედურობ მას, რომ მსგავსი ქმედება დაუშვებელია!

სასწრაფოდ დადგინდეს ვინ იმალება "ნასვამი ჩოჩორი"-ს უკან!!!" - წერს ადვოკატი.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 12 წლის წინ გაუჩინარებული გურამ დადიანიძის ფეისბუკგვერდზე განთავსებულ პოსტთან დაკავშირებით ჩატარებული მოკვლევის შედეგებზე ინფორმაცია გაავრცელა. შსს-ს ცნობით, ჩატარებული მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ გურამ დადიანიძის ფეისბუკის გვერდზე აღნიშნული პოსტის გამოქვეყნების შესახებ ინფორმაციას წინასწარ ფლობდნენ გურამ დადიანიძის დედა სოფო ბიბილაშვილი და ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე.