თბილისში აშშ-ის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი მარში გაიმართა.

მარშის ორგანიზატორის ია ფარულავას განცხადებით, მთავარი გზავნილია, რომ აშშ-მა "მეგობარი აქტი" მალე მიიღოს.

"საქართველოს მოქალაქეები, ვისაც ამერიკის მხარდაჭერის იმედი აქვთ, შტატებს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ. ქართველი ხალხი  ფიქრობს, რომ ამერიკის მხარდაჭერა, რომელიც უკვე ათეული წლებია საქართველოს გვერდით დგას, ქვეყნისთვის გადამწყვეტ ეტაპზე კიდევ უფრო მკაფიო და ეფექტური უნდა იყოს.

მთავარი გზავნილია, რომ დროზე მიიღონ "მეგობარი აქტი". "მეგობარმა აქტმა" უკვე ძალიან დიდი გზა გაიარა, დარჩა ერთი ხელის მოწერა და ვთხოვთ ამერიკას, რომ დაგვეხმაროს. ჩვენ შევიკრიბეთ აქ იმისთვის, რომ დავანახოთ ამერიკას, რომ ჩვენ გვჭირდება ის, როგორც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი. ასევე, გვექნება ვიდეომიმართვის გადაღება, რომელიც უნდა გავაგზავნოთ ამერიკაში", - განაცხადა მარშის ორგანიზატორმა ია ფარულავამ. 

მოქალაქეები რესპუბლიკის მოედნიდან რუსთაველის გამზირამდე მსვლელობით მივიდნენ, სადაც 200 დღეზე მეტია, ყოველდღიურად საპროტესტო აქცია იმართება.