ყაზახური დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია FlyArystan საქართველოში კიდევ ერთი მიმართულებით ამატებს ფრენებს. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი განაცხადის შესაბამისად, 2026 წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე, ავიაკომპანია რეგულარულ რეისებს ასტანა - ბათუმი - ასტანას საჰაერო ხაზზე განახორციელებს.

ასტანასა და ბათუმს შორის ავიარეისები 2 ივნისიდან 29 აგვისტოს ჩათვლით, კვირაში 3 სიხშირით ყოველ სამშაბათს, ხუთშაბათსა და შაბათს შესრულდება. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ავიაკომპანიას ფრენების შესრულების ნებართვა 7 აპრილს მიანიჭა.

დღეისათვის, საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლიკას შორის ფრენებს ავიაკომპანიები Air Astana, Scat Airlines და FlyArystan ჯამურად 17 სიხშირით ასრულებენ. ავიაკომპანიების მიერ სააგენტოში წარმოდგენილი განრიგების მიხედვით, ზაფხულის სანავიგაციო სეზონის პიკური პერიოდისთვის ორ ქვეყანას შორის ფრენების სიხშირე 42-მდე გაიზრდება.