მე, გიგა ავალიანის დედამ, დღეს ვუყურე, როგორ მოკლეს ჩემი შვილი. ესენი არიან დაავადებულები, სისხლმოწყურებულები, - ამის შესახებ მოკლული მასწავლებლის გიგა ავალიანის დედამ ეკა კუპატაძემ სასამართლო პროცესის შემდეგ განაცხადა. 

მისივე თქმით, ძალადობის ამსახველი ვიდეომასალის შესახებ ბრალდებული რიკაძის ოჯახის წევრი ინფორმირებული იყო და მის განადგურებას სთხოვდა.

"მე ვაცნობიერებდი, რომ დასკვნითი სიტყვის მოსმენა მძიმე იქნებოდა მიუხედავად იმისა, რომ საქმის მასალები წერტილ-მძიმიანად ვიცი, საქმის მასალებში რაც დევს, მაგრამ მეტყველების უნარი მაქვს დაქვეითებული, იმიტომ, რომ მე არ მქონდა ჩემი შვილის უშუალოდ მკვლელობის სურათი ნანახი, ეს იყო უმძიმესი. ვუყურე ვიდეოს, რომელიც მე ნანახი არ მქონდა და შოკი მივიღე, დარბაზში დიდხანს ვერ გავჩერდი და გამოვედი. მე, გიგა ავალიანის დედამ დღეს ვუყურე, როგორ მოკლეს ჩემი შვილი. მე არ მქონდა ჩემი შვილის მკვლელობის ეპიზოდი ნანახი, კი მაქვს სახლში, მაგრამ ვერ ვნახე და მე მინდა ეს მართლა იცოდეს საზოგადოებამ, რომ ჩემი შვილი დაეცა მოწყვეტით და მაშინვე თვალებგახელილი.. ოჯახი ჩვენით ვხვდებოდით, რომ ის იყო ელექტროშოკით გათიშული და მერე იყო დარტყმული.

ალექსანდრე გაბაშვილს ტელეფონში ფილმი ჰქონდა ძალადობებზე, ფილმი.

ამაზრზენი იყო დღევანდელ დასკვნით სიტყვაში გაჟღერებული ფაქტები, კერძოდ ის, რომ რიკაძის ბებია ეუბნება სახლში - შვილო, რამდენჯერ ვუთხარი, ამას ტელეფონში ნუ ინახავთ, საშიშია - ის კი არ უთქვამს ნუ ურტყამთო, არამედ - "ამას ტელეფონში ნუ ინახავთ, საშიშიაო“.

რიკაძის დედა ამბობს, რომ ალექსანდრე გაბაშვილის დედამ ხათუნამ დამირეკაო და მითხრაო - „პოლიცია მოდის ჩხრეკაზეო“. მე რომ ვამბობ, რომ ფარული ზარებით ალექსანდრე გაბაშვილმა იცის რა დროს, რა ხდება, ეს მართალია და პროკურორმა ქეთი სონიძემაც დაადასტურა. 

გიორგი რიკაძის დედას თინათინ პაპასკირს შენახული და გამზადებული ჰქონდა გადასაყრელად ის ნეონაცისტური დაჯგუფებების დამახასიათებელი სიმბოლიკები და დარდობდა, რომ გადაყრა ვერ მოასწრო. იმას კი არ დარდობს, რომ ხალხს ურტყამენ, არამედ ის, რომ გადაყრა ვერ მოასწრო. ეს კი გარკვეულწილად აღიარებითი ჩვენებაა მათი მხრიდან.

იყო მომენტი, "ორ ნაბიჯში“ შედის სამი მოძალადე, იქიდან ახალგაზრდა გამოჰყვათ და მოლარე მეორე თანამშრომლებს ეუბნება, კარები დაკეტე კიდევ არ შემოვიდნენო. ის კი არა, რომ ხმა ამოიღოს და იყვიროს, რომ ასეთი რამე მოხდა.

იმ ხალხს, რომლებიც დაზარალებულები არიან, დედა არ ჰყავდათ? მაინც და მაინც ჩემი შვილი უნდა მომკვდარიყო? ყველა საფრთხეში ხართ ამათ ხელში, ყველა ღმერთმა დაგიფაროთ. ესენი არიან სისხლმოწყურებული ავადმყოფები. ამათი გამოსწორება არ იქნება. ციხეს მაშინ აქვს აზრი, წლებს, რომ თუკი ის გამოასწორებს - ამათი გამოსწორება არ იქნება, ესენი არიან დაავადებულები, სისხლმოწყურებულები, ჩემთვის ეს იყო შოკი, მართლა", - განაცხადა ეკა კუპატაძემ.

28 წლის მასწავლებელი გიგა ავალიანი თბილისში, თემქის დასახლებაში, არასრულწლოვნების თავდასხმის შედეგად გარდაიცვალა; ავალიანის მკვლელობის საქმეზე ოთხი პირია დაკავებული.