ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში 120-ე შეხვედრა იმართება. დღევანდელი შეხვედრის მთავარი საკითხი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლებას შეეხება.

როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ირაკლი ანთაძე აცხადებს, დაკავებულთა შორისაა რამაზ ბეღელურიც, რომელსაც ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ 8-თვიანი პატიმრობა მიუსაჯა.

ამასთან, ცნობილია, რომ ერგნეთის წინა შეხვედრის შემდეგ ოკუპანტებმა ახალი ინსტალაციები გააკეთეს გორის, ქარელისა და დუშეთის მუნიციპალიტეტებში. 

ირაკლი ანთაძის განცხადებით, უკანონო პატიმრობაში საქართველოს 8 მოქალაქე რჩება.

"დღევანდელ შეხვედრაზე დღის წესრიგის მთავარი საკითხი გახლავთ ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონო პატიმრობაში მყოფი ჩვენი თანამოქალაქეების გათავისუფლების საკითხი. 

როგორც მოგეხსენებათ, დღეის მდგომარეობით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონო პატიმრობაში იმყოფება ჩვენი 8 თანამოქალაქე და მთავარი აქცენტი გაკეთდება, იმაზე, რომ  მათ მიმართ ჰუმანიტარული მიდგომა იქნეს გამოყენებული და ისინი დაუბრუნდნენ თავიანთ ოჯახებს. 

გარდა ამისა, დაფიქსირებული იქნება უკანონო,  ე.წ. ბორდერიზაციის 8 შემთხვევა, 16 მაისიდან 22 ივლისის მდგომარეობით", - განაცხადა ირაკლი  ანთაძემ.