19 აპრილიდან, "ათინათის“ კულტურის ცენტრი ირაკლი ფარჯიანის (1950-1991) შემოქმედებაზე შექმნილ პირველ ვიდეოინსტალაციას - "სახარებები“ - უმასპინძლებს, რომელიც მხატვრის მიერ გადაწერილი და დასურათებული სახარებების ფაქსიმილე გამოცემაა. დამთვალიერებელს შეეძლება ფარჯიანის სახარებათა ზუსტი ასლი თანამედროვე ტექნოლოგიით გაცოცხლებული ვიდეოინსტალაციის მეშვეობით ნახოს.

ირაკლი ფარჯიანის „სახარებები“ რთული ტექნიკური მახასიათებლების გამო თითქმის ნახევარი საუკუნის განმავლობაში ვერ გამოიცა. იგი შეიცავს ოქროსა და ვერცხლის პიგმენტებს. ნამუშევრები უნიკალურია ფერებითაც, რადგან შესრულებულია ირაკლი ფარჯიანის მიერ მიგნებული სპეციალური ტექნიკით, რაც საღებავების თავისებური დამუშავებით ფერების მიღებას გულისხმობს.

ირაკლი ფარჯიანი (1950-1991) მე-20 საუკუნის ქართული ხელოვნების ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფიგურაა. 1980-იანი წლებიდან მოყოლებული ქართული მხატვრობის წინამძღოლია, რომელმაც თაობის პოზიცია, სტილი და მიმართულება განსაზღვრა. ქართულ ხელოვნებაში ქრისტიანული ფერწერის გაწყვეტილი ტრადიციის აღდგენა სწორედ მის სახელს უკავშირდება.

ფარჯიანის „სახარებები“ შუა საუკუნეების გავლენებსა და იმავდროულად, თანამედროვე კულტურის ნიშნებს ატარებს. აქ თანაარსებობს ხელნაწერი რელიგიური წიგნის კანონიკური იკონოგრაფია და მხატვრის საავტორო ინტერპრეტაცია. საბჭოთა საქართველოში შეიქმნა ირაკლი ფარჯიანის მიერ სახარების უნიკალური ვერსია, რომლის ანალოგიც დღემდე არ არსებობს.

ირაკლი ფარჯიანის სახარებების ფაქსიმილე გამოცემა საქართველოში ექსკლუზიურად ჩამოაქვს კომპანია “Smart Innovations”-ს.

გამოფენა ,,ათინათის“ კულტურის ცენტრში 19 აპრილიდან 23 აპრილამდე გაგრძელდება.