შვედეთს ჯერ კიდევ აქვს იმედი, რომ გახდება ნატოს წევრი ალიანსის ვილნიუსის ივლისის სამიტამდე, - ამის შესახებ შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ტობიას ბილსტრომმა განაცხადა.

"არ იქნება გეგმა B ან მსგავსი რამ. გეგმა B არის გეგმა A - ნატოში სრულუფლებიანი გაწევრიანება და აი, რაზე ვიმუშავებთ მე და მთავრობა ვილნიუსამდე", - განაცხადა ბილსტრომმა.

რუსეთის შეჭრამ უკრაინაში დაარწმუნა შვედეთი და ფინეთი 2022 წელს დაეტოვებინათ სამხედრო ნეიტრალიტეტის მრავალწლიანი პოლიტიკა. ფინეთი გასულ თვეში შეუერთდა ნატოს, შვედეთის წევრობას კი თურქეთი და უნგრეთი აფერხებენ.

თურქეთი ამ კვირას საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება და ბილსტრომმა იმედი გამოთქვა, რომ თურქეთის პარლამენტი დაიწყებს შვედეთის ნატოში გაწევრიანების შესახებ განაცხადის რატიფიცირების პროცესს, როგორც კი ქვეყანაში პოლიტიკური სურათი დადგინდება.

"დროა, თურქეთმა დაიწყოს რატიფიკაციის პროცესი და შეასრულოს შეთანხმების თავისი ნაწილი“, - აღნიშნა შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

აღსანიშნავია, რომ შვედეთმა, ფინეთმა და თურქეთმა 2022 წლის ივნისში გააფორმეს სამმხრივი შეთანხმება მადრიდში, რომელიც მიზნად ისახავდა თურქეთის უსაფრთხოების პრობლემების მოგვარებას, თუმცა ანკარა აგრძელებს შვედეთის განაცხადის რატიფიცირების შეფერხებას და აცხადებს, რომ სტოკჰოლმი პოლიტიკურ თავშესაფარს აძლევს მებრძოლებს, რომლებსაც თურქეთი ტერორისტებად მიიჩნევს.