თუ ახლო აღმოსავლეთში საბრძოლო მოქმედებები არ შეწყდება, რეგიონული კონფლიქტი შესაძლოა, გლობალურ კატასტროფაში გადაიზარდოს, რაც მთელი პლანეტისთვის შედეგებს გამოიწვევს, - ამის შესახებ გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტერეშმა განაცხადა.

გუტერეშის თქმით, რეგიონში კრიზისი უკვე მეორე თვეა, გრძელდება, მსხვერპლის რაოდენობა, ნგრევის მასშტაბები და მშვიდობიან მოსახლეობასა და ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება.

"ჩვენ უფრო ფართომასშტაბიანი ომის ზღვარზე ვდგავართ, რომელიც მთელ ახლო აღმოსავლეთს მოიცავს და მთელი მსოფლიოსთვის დრამატულ შედეგებს მოიტანს“, - განაცხადა გაეროს გენერალურმა მდივანმა.

მისივე თქმით, კონფლიქტი უკვე რეგიონის ფარგლებს სცდება. ირანის მიერ ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვა ყველაზე დაუცველ ქვეყნებს აზარალებს - ფილიპინების, შრი-ლანკის, მოზამბიკის და სხვა ქვეყნების ჩვეულებრივი მოსახლეობა საკვებისა და საწვავის ფასების ზრდის შედეგებს განიცდის.

გაეროს გენერალურმა მდივანმა კონფლიქტის ყველა მხარეს კონკრეტული მოთხოვნებით მიმართა: შეერთებულმა შტატებმა და ისრაელმა უნდა შეწყვიტონ ომი, რომელიც ისედაც იწვევს უზარმაზარ ადამიანურ ტანჯვას და ანგრევს რეგიონის ეკონომიკას; ირანმა უნდა შეწყვიტოს მეზობელ ქვეყნებზე თავდასხმები; ყველა მხარემ პატივი უნდა სცეს სახელმწიფოების სუვერენიტეტს, დაიცვას მშვიდობიანი მოსახლეობა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, მათ შორის ბირთვული ობიექტები; უზრუნველყოს გადაზიდვების თავისუფლება.

გუტერეშმა აღნიშნა, რომ მშვიდობიანი მოგვარების დიპლომატიური მცდელობები გრძელდება. მისი პირადი წარმომადგენელი ჟან არნო რეგიონში მიემგზავრება.

"კონფლიქტები თავისით არ მთავრდება. ისინი მთავრდება მაშინ, როდესაც ლიდერები დიალოგს დესტრუქციის ნაცვლად ირჩევენ. ეს არჩევანი კვლავ არსებობს. და ის ახლავე უნდა გაკეთდეს“, - განაცხადა გენერალურმა მდივანმა.