გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი იოჰან ვადეპული აზერბაიჯანსა და სომხეთს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა.

ვადეპული 17 ნოემბერს ბაქოში ჩავა, 18 ნოემბერს კი ერევანში. ეს მისი პირველი ვიზიტია რეგიონის ქვეყნებში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის რანგში.

"დოიჩე ველეს" ინფორმაციით, ვიზიტის ერთ-ერთი მთავარი მიზანი სამხრეთ კავკასიის ქვეყნების ევროპასთან ურთიერთობების გაძლიერებაა.

"რუსეთი ცდილობს, შეინარჩუნოს თავისი გავლენა სამხრეთ კავკასიელი ხალხების და მათი მომავლის ხარჯზე. თუმცა რუსეთის მეზობლების ევროპასთან დაახლოების საკითხი მოსკოვში არ უნდა გადაწყდეს. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ სომხეთმა და აზერბაიჯანმა თავად განსაზღვრონ საკუთარი მომავალი. დადგა დრო, მოვუსმინოთ მათ ხმას და გავითვალისწინოთ მათი ინტერესები“, – განაცხადა ვადეპულმა.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ევროპას აქვს ინტერესი, ხელი შეუწყოს რეგიონში საკუთარი პარტნიორობის გაძლიერებას და არ დაუშვას რუსეთის გავლენის გაფართოება.

ვიზიტის ფარგლებში გერმანია ყურადღებას გაამახვილებს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო პროცესზეც.

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ერევანში მოლაპარაკებების ერთ-ერთი მიმართულება სომხეთის ევროკავშირთან დაახლოება იქნება. ბაქოში კი დღის წესრიგშია ენერგეტიკული თანამშრომლობა.