ოთხშაბათს, ლას-ვეგასში, სასტუმრო Trump Las Vegas-თან ახლოს ავტომობილ Cybertruck-ის აფეთქება შესაძლოა, ტერაქტი იყოს, - ამის შესახებ მილიარდერმა და Tesla-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ილონ მასკმა განაცხადა.

მისი თქმით, ინციდენტი შესაძლოა, დაკავშირებული იყოს ნიუ ორლეანში მომხდართან, სადაც მანქანა ხალხს მაშინ შეეჯახა, როცა ისინი ახალ წელს აღნიშნავდნენ. ამ ინციდენტის შედეგად სულ მცირე 15 ადამიანი დაიღუპა.

"როგორც ჩანს, ეს იყო ტერორისტული აქტი. როგორც ეს Cybertruck, ასევე F-150 თვითმკვლელი (პიკაპი) ნიუ ორლეანში იყო ნაქირავები Turo-დან. შესაძლოა, ისინი რაღაცნაირად არიან დაკავშირებული", - წერს მასკი.

ლას-ვეგასის პოლიციის დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ავტომობილი ოთხშაბათს მიუახლოვდა სასტუმროს შუშის შესასვლელ კარებს, ჯერ მანქანიდან კვამლი ამოდიოდა, რასაც მოჰყვა აფეთქება. ხელისუფლების განცხადებით, მძღოლი დაიღუპა და შვიდმა ადამიანმა მსუბუქი დაზიანებები მიიღო.

ლას-ვეგასის ინციდენტი მოხდა მას შემდეგ, რაც FBI და პოლიცია იძიებენ ოთხშაბათს დილით პიკაპის შეჯახებას ნიუ ორლეანში ადამიანებთან, რის შედეგადაც დაიღუპა მინიმუმ 15 და დაშავდა 30-ზე მეტი ადამიანი.

FBI-მ განაცხადა, რომ აღმოჩენილია ISIS-ის დროშა, ასევე ნაპოვნია თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობები..