ნატო მოელის, რომ ევროპელი მოკავშირეები სრულად დაუჭერენ მხარს აშშ-ის სამხედრო კამპანიას ირანის წინააღმდეგ და მის ძალისხმევას ბირთვული საფრთხის თავიდან ასაცილებლად, - ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ განაცხადა.

CBS-ის გადაცემა Face the Nation-თან ინტერვიუში რუტემ ხაზი გაუსვა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ქმედებების გარშემო გაერთიანების მნიშვნელობას, ზოგიერთი ევროპული სახელმწიფოს საწყისი ყოყმანის მიუხედავად.

როგორც მან აღნიშნა, ბირთვული იარაღით შეიარაღებული ირანი პირდაპირ საფრთხეს შეუქმნის არა მხოლოდ ისრაელს, არამედ ევროპასა და გლობალურ სტაბილურობას.

"ერთი რამ ვიცი: ჩვენ ყოველთვის ვერთიანდებით“, - აღნიშნა მან.

რუტეს თქმით, ევროპელი პარტნიორების მხრიდან შეფერხება იმით აიხსნება, რომ ისინი არ იყვნენ ჩართული საწყის დაგეგმვაში.

მანამდე, დონალდ ტრამპმა გააკრიტიკა თავისი მოკავშირეები და ნატოს "ქაღალდის ვეფხვი" უწოდა ჰორმუზის სრუტის უსაფრთხოებაში მონაწილეობის სურვილის არქონის გამო.

"ის ამას აკეთებს იმისთვის, რომ მთელი მსოფლიო უფრო უსაფრთხო გახდეს“, - განაცხადა რუტემ ტრამპის კრიტიკასთან დაკავშირებით.