ირანის უკანასკნელი შაჰის შვილი, ემიგრაციაში მცხოვრები რეზა ფეჰლევი მოუწოდებს შეერთებულ შტატებსა და ისრაელს, პოტენციური დარტყმების დროს თავი აარიდონ ქვეყნის სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურებას და ყურადღება რეჟიმის რეპრესიულ აპარატზე გაამახვილონ.

მან აღნიშნა, რომ ქვეყნის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა ხალხს უნდა ეკუთვნოდეს და არ უნდა გახდეს თავდასხმის სამიზნე.

ფეჰლევიმ მოკავშირეებს მოუწოდა, შერჩევითად იმოქმედონ, რათა დაიცვან რესურსები სახელმწიფოს მომავალი აღდგენისთვის.

"მე ვთხოვ პრეზიდენტ ტრამპს და პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუს, განაგრძონ რეჟიმისა და მისი რეპრესიული აპარატის დევნა, ამავდროულად შეინარჩუნონ სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, რომელიც ირანელებს ჩვენი ქვეყნის აღსადგენად დასჭირდებათ“, - განაცხადა ფეჰლევიმ.

მისი თქმით, ისლამური რესპუბლიკის ამჟამინდელი სტრუქტურა მხოლოდ „ტერორის მექანიზმია“, რომელიც ირანის თავისუფალ მომავალს უშლის ხელს.

ეს განცხადება აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ულტიმატუმის შემდეგ გაკეთდა, რომელიც ირანის ელექტროსადგურებს "განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი 48 საათის განმავლობაში არ უზრუნველყოფს გემების თავისუფალ გადაადგილებას ჰორმუზის სრუტეში. თეირანმა აშშ-ის პრეზიდენტს უპასუხა, თავდაპირველად მუქარით, შემდეგ კი განაცხადა, რომ ჰორმუზის სრუტე ღია რჩება საერთაშორისო გადაზიდვებისთვის, თუმცა გავლა ნებადართულია მხოლოდ იმ გემებისთვის, რომლებიც არ არიან დაკავშირებული იმ ქვეყნებთან, რომლებიც ირანის მიერ ოფიციალურად "მტრებად" არიან გამოცხადებული.

ფეჰლევიმ თავის მხრივ, გამოთქვა რწმენა, რომ ამჟამინდელი რეჟიმის დასასრული ახლოსაა.

"ამერიკის შეერთებული შტატებისა და ისრაელის მხარდაჭერის და უპირველეს ყოვლისა, ირანელი პატრიოტების თავგანწირვის წყალობით, ირანისთვის თავისუფლების დრო დადგა“, - განაცხადა მემკვიდრე პრინცმა.