მტკიცებულებები მიუთითებს, რომ „ფლაიდუბაის“ პილოტს, რომელმაც მეორე პილოტი დანით დაჭრა, თვითმფრინავის ჩამოგდება ჰქონდა განზრახული, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.

მისი თქმით, თვითმფრინავში თითქმის ყველა მგზავრი ისრაელი მოქალაქე იყო.

"მუდმივ კავშირში ვართ შესაბამის უწყებებთან, რათა უზრუნველვყოთ მგზავრების უსაფრთხოება და მათი მშვიდობიანი დაბრუნება სახლში

ერთ-ერთ მგზავრს გავესაუბრე. მან მითხრა, რომ თვითმფრინავი ციცაბო ვარდნაში გადავიდა. მიამბო, რომ ეკიპაჟის ერთ-ერთ წევრთან ერთად როგორღაც მოახერხა პილოტთა კაბინაში შეჭრა და მათ ერთობლივი ძალისხმევით შეაჩერეს პილოტი, რომელიც თვითმფრინავის სისტემების დაზიანებას ცდილობდა“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.

მისივე თქმით, ამის შემდეგ კაბინაში ეკიპაჟის კიდევ ერთი წევრი შევიდა და თვითმფრინავის სტაბილიზაცია შეძლო.

როგორც მან აღნიშნა, ეჭვმიტანილი საუდის არაბეთში დაკითხვაზე იმყოფება.

პილოტებს შორის დაპირისპირების გამო, დუბაი-თელ-ავივის რეისი საუდის არაბეთში დაჯდა. ინციდენტისას თვითმფრინავმა „უკანონო ჩარევისა“ და საგანგებო მდგომარეობის შესახებ სიგნალები გაგზავნა. მომხდარის შემდეგ თვითმფრინავი ტაბუის აეროპორტში დაეშვა. ისრაელის მედიის ცნობით, ისრაელში სულ უფრო მეტად განიხილავენ ვერსიას, რომ „ფლაიდუბაის“ რეისზე საგანგებო შემთხვევა ტერორისტული თავდასხმის მცდელობა იყო.