უკრაინის საჰაერო ძალები ბელგიისგან F-16 გამანადგურებლებს მიიღებს. მაღალი დონის შეთანხმება მიღწეულია, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

პრეზიდენტის თქმით, ბელგია უკრაინას წლის ბოლომდე სამ F-16 გამანადგურებელს გადასცემს.

"ამ თვითმფრინავების მიღებას დაჩქარებული პროცედურის მეშვეობით განვახორციელებთ“, - აღნიშნა მან.

მისივე თქმით, უკრაინამ უკვე მიიღო F-16-ისთვის საბრძოლო მასალა ბელგიიდან და სხვა ქვეყნებიდან, მათ შორის ესპანეთიდან.

"როდესაც რუსეთი ყოველდღიურად ზრდის ესკალაციას, ჩვენ გვჭირდება შესაძლებლობების დამატება საჰაერო სამიზნეების განადგურებისა და ადამიანების დასაცავად“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

მან მადლობა გადაუხადა ბელგიის მთავრობას და პრემიერ-მინისტრს "რუსეთის მიერ სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართული სასტიკი თავდასხმების საპასუხოდ უკრაინის მხარდასაჭერად გადადგმული გადამწყვეტი ნაბიჯებისთვის“.